ზაზა ხატიაშვილი დავით უსუფაშვილს ღია წერილით მიმართავს

ზაზა ხატიაშვილი დავით უსუფაშვილს ღია წერილით მიმართავს

საქართველოს ადვოკათა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ღია წერილით მიმართავს.

"ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენ არჩეული ხართ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ. ამ პერიოდის განმავლობაში, არაერთხელ მინდოდა მომემართა თქვენთვის, მაგრამ იმის იმედით, რომ სიტუაციის დარეგულირებას დრო სჭირდებოდა თავს ვიკავებდი. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მაიძულებენ, დღეს ღია წერილით მოგმართოთ, რათა უშუალოდ ჩაგაყენოთ საქმის კურსში და გაცნობოთ, თუ რაოდენ სერიოზული საფრთხის შემცველია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარება. თქვენ, კარად გახსოვთ თუ როგორ ვებრძოდით მე და თქვენ სააკაშვილის რეჟიმს და ვფიქრობ, სააკაშვილის დიქტატურის დამარცხებაში რაღაც წვლილი მეც მიმიძღვის. სააკაშვილის რეჟიმმა ვერ დაიმორჩილა ადვოკატთა კორპუსი, ამიტომ განიზრახა მთელი ადვოკატთა კორპუსის დაშინება. შეგახსენებთ, რომ დაპატიმრებული იქნა 157 ადვოკატი და ყველა მათგანის მიმართ დადგა გამამტყუებელი განაჩენი. ევროპის ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიამ (International Observatory for Lawyers) საადვოკატო საქმიანობა საქართველოში რისკის სფეროდ აღიარა. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა თავის დასკვნაში საქართველოში ადვოკატთა კორპუსის დევნის ფაქტი დაადასტურა. სრული ცივილიზებული და საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუტები დადგა ფეხზე და ადვოკატთა კორპუსს დაგვეხმარა, რათა გადავრჩენილიყავით. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის და სამართლის საბჭო (CCBE), რომელიც 1 მილიონზე მეტ ადვოკატს აერთიანებს, 2012 წლიდან ჩაერთო ჩვენი პრობლემების მოგვარებაში, რამაც შედეგი გამოიღო და სააკაშვილის რეჟიმის დროს ადვოკატებს თავისი საქმიანობიდან გამომდინარე პროკურორები დაკითხვაზე ვეღარ იბარებდნენ. უნდა გითხრათ, რომ ეს ტენდენცია სამწუხაროდ, პროკურატურამ აღადგინა თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ხელს უშლიან ადვოკატებს თავისი საქმიანობის განხორციელებისას, უხეშად ერევიან მათ პროფესიულ საქმიანობაში, ადვოკატებს თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს არ აჩვენებენ, დაკითხვაზე იბარებენ და ა.შ. ზემოხსენებულის დასადასტურებლად, ნება მომეცით თქვენი ყურადღება კონკრეტულ ფაქტებზე გავამახვილო. მაგალითად, ადვოკატი იაგო სოხაშვილი რუსთავის პოლიციამ თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან არ შეუშვა. როდესაც ადვოკატმა დაწერა საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ნაცვლად იმისა, რომ დაეკითხათ მოძალადე პოლიციელები, დაკითხვაზე დაიბარეს ადვოკატი თავისი საჩივრის გამო. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ადვოკატის მოწმედ დაკითხვა აკრძალულია. მე არ მეგონა, რომ აღნიშნულზე ოდესმე მომიწევდა კიდევ განცხადების გაკეთება, მაგრამ ფაქტები საპირისპიროს მეტყველებენ. სამწუხაროდ, მე არ მახსოვს მსგავსი შემთხვევა, სააკაშვილის რეჟიმს ადვოკატი დაებარებინოს მის მიერ შეტანილ საჩივართან დაკავშირებით. მიწევს იმის აღიარება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადვოკატებთან მიმართებაში ახალ წესებს ამკვიდრებს. ადვოკატები დიდი იმედით შევხვდით საქართველოში მიმდინარე ცვლილებებს და სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებას, ადვოკატთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ არჩევნებში მხარი თქვენს კოალიციას დაუჭირა იმ იმედით, რომ თქვენ თქვენს მთავარ დაპირებას შეასრულებდით და "აღადგენდით სამართლიანობას".

ბატონო დავით, საქართველოს პარლამენტში განსახილველად შემოვიდა მთავრობის კანონპროექტი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შესახებ, სადაც ადვოკატთა კორპუსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლი 2-ე ნაწილი, სადაც ვკითხულობთ, რომ დაცვის მხარე არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შემდეგი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად: ჩხრეკა, ამოღება. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებათა პაკეტით გთვალისწინებული იყო ადვოკატის უფლება, მიემართა სასამართლოსთვის შუამდომლობით ჩხრეკის და ამოღების თაობაზე. შესაბამისად, აღდგებოდა სასამართლოში დაცვის და ბრალდების მხარის თანაწორობის პრინციპი, რასაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და ადვოკატთა კორპუსი ელოდა.

საქართველოს ადვოკატთა კორპუსი ვერ წარმოვიდგენდით, რომ პარლამენტში, სადაც ამდენი იურისტი ბრძანდებით, განსაკუთრებით ამდენი ადვოკატი, დაარღვევდით ევროპის კონვენციის 6 მუხლის სამართლიანი სასამართლოს ცნების ძირითად "დაცვის და ბრალდების მხარის" თანასწორობის პრინციპს და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლი 2-ე ნაწილს დატოვებდით ძველი რედაქციით 2014 წლის 1 სექტემბრამდე.

მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, მესამე მოსმენით შეასწოროს დაშვებული უზუსტობა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლი 2-ე ნაწილი საერთო წესით აამოქმედოს და დაცვას მიეცეს უფლება მიმართოს სასამართლოს შუამდომლობით ჩხრეკის და ამოღების თაობაზე.

ჩემთვის ცნობილა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111 მუხლი 2-ე ნაწილის ძველი რედაქციით დატოვებისთვის 2014 წლის 1 სექტემბრამდე, იბრძოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა. ეს იყო საქართველოს პარლამენტის პირველი გამოცდა, არ დაგეშვათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურის გავლენა საქართველოს პარლამენტზე, მაგრამ თქვენ ეს ვერ მოახერხეთ და დათმეთ პოზიციები, რითაც დამოუკიდებლობა დაკარგეთ. სამარცხვინოა, როცა საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს დებატები ადვოკატთა უფლებების მიმართებაში და არავინ არ იწვევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, რომელიც 4000 ადვოკატის უფლებას წარმოადგენს. როგორც ჩანს, მსგავსი დამოკიდებულება ადვოკატთა კორპუსისადმი საქართველოს პარლამენტმა სააკაშვილის რეჟიმისგან მემკვიდრეობით ირგუნა.

მსურს მოგახსენოთ, რატომ იბრძოდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა იმისათვის, რომ "დაცვის და ბრალდების მხარის" თანასწორობის პრინციპი არ ამოქმედებულიყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლი 2-ე ნაწილი ძველი რედაქციით 2014 წლის 1 სექტემბრამდე და დარჩენილიყო ფეოდალური კანონმდებლობა.

როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, მსურს, გაცნობოთ, რომ საქართველოს პროკურატურაში 95% დღესაც ძველი პროკურორები მუშაობენ, რომლებიც იყვნენ გამომძალველები, მრავალი უკანონობის დამკანონებლები და კუბლაშვილის სასამართლოსთან ერთად სააკაშვილის რეჟიმის ძირითად საყრდენს წარმოადგენდნენ. დღეს, საქართველოს პროკურატურაში არის არნახული ქაოსი, გაუგებარია რეალურად რა პროცესები მიმდინარეობს შიგნით. ფაქტია, რომ პროკურატურას სააკაშვილის რეჟიმის წყალობით უუნარო კადრები ჰყავს, რომელთა შეცვლა არც უცდია, ამიტომ დაცვის უფლებების და ბრალდების უფლებების გათანაბრებას ისენი ვერ შეეგუებიან. საქართველოს პროკურორები, როგორც ფოსტალიონები, მიჩვეულნი იყვნენ მხოლოდ ადეიშვილის უწყების გადაწყვეტილების გახმოვანებას, ხოლო სასამართლო, ნოტარიუსის მსგავსად, ბეჭდით აკანონებდა პროკურორის მოთხოვნას. ეს იყო საქართველოს რეალობა, ამიტომ ხალხმა ამთ უთხრა "არა", მხოლოდ იმიტომ, რომ სამართლიანობა აღდგენილიყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მათი მინისტრი საერთოდ ცალკე თემაა. მინდა, გაგახსენოთ ერთი ფაქტი, როდესაც გიორგი მიქიაშვილი აწამეს 2005 წლის ოქტომბერში პოლიციელებმა და პატრულის თანამშრომლებმა. მე გამოვედი და მხარდაჭერისათვის მივმართე სამოქალაქო საზოგადოებას, ებრძოლათ გიორგი მიქიაშვილის უფლებებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მერაბიშვილის პოლიციას ეს თუ შერჩებოდა, იგი დაიწყებდა უდანაშაულო ადამიანების ხოცვას. მაშინ რამდენიმე ადამიანი დამიდგა გვერდით, მათ შორის იყო თინა ხიდაშელი, რომელიც იმ დროს ძალიან დაგვეხმარა და მოინახულა ნაწამები გიორგი მიქიაშვილი. როგორც მოგეხსენებათ, ჩემი პროგნოზირება გამართლდა და სააკაშვილის რეჟიმმა ქუჩაში ასზე მეტი ახალგაზრდა დახვრიტა. 2012 წლის 9 ოქტომბერს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება გიორგი მიქიაშვილის საქამეზე და დაადგინა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა - წამება, არაადამიანური მოპყრობა. 2012 წლის 18 დეკემბერს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა წამება, არაადამიანური მოპყრობა საქმეზე დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც წყალტუბოს პოლიციაში აწამეს, ეს საქმეც ჩემს მიერ იქნა წარმოდგენილი და მოგებული ევროპულ სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ ორივე საქმეზე დადგა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა, დამნაშავე პოლიციელები და პროკურორები დღესაც მუშაობენ და ალბათ, წარმატებით აგრძელებენ თავის საქმიანობას, ადამიანების წამებას. მინდა, გითხრათ, დღეს ზუსტად იგივე მდგომარეობაა შინაგან საქმეთა სამინისტროში, როგორიც იყო 2005 წელს მიქიაშვილის და დვალიშვილის წამების დროს და თუ დროულად არ ჩაერიეთ, კატასტროფულ შედეგს მივიღებთ. ჩემი შეხედულებით, პოლიციის ძალადობა უნდა დაებალანსებინა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლი 2-ე ნაწილის ახალი რედაქციით ამოქმედებას, რათა დაცვას მისცემოდა უფლება მიემართა სასამართლოსთვის შუამდომლობით ჩხრეკის და ამოღების თაობაზე, რადგან თუ დაცვას ექნება ეს უფლება, შეძლებდა შეეჩერებინა პოლიციის დაწესებულებებში არსებული ძალადობა. სააკაშვილის რეჟიმის დროს, ოთხი წლის წინ, ადვოკატი ლევან სამუშია იცავდა პიროვნებას, რომელსაც ბრალი ედებოდა ყაჩაღობაში, ვინაიდან ბრალდებული ამტკიცებდა, რომ როდესაც ყაჩაღობა მოხდა, იგი საერთოდ არ იმყოფებოდა თბილისში. ადვოკატმა ლევან სამუშიამ მოითხოვა კომპანია "ჯეოსელისგან" ინფორმაცია თუ სად იმყოფებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყაჩაღობის ჩადენის დროს, მაგრამ მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და უპასუხა, რომ ადვოკატს, ეს არის ამოღება და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლი 2-ე ნაწილის თანახმად, თქვენ უფლება არა გაქვთ მიმართოთ სასამართლოს ამოღების თაობაზე შუამდგომლობითო, აი, ამ ფეოდალური კანონის ძალაში დატოვებას დაუჭირა მხარი თქვენმა პარლამენტმა, რაც მოქმედი ხელისუფლებისთვის იგივე შედეგის მომტანი აღმოჩნდება, რაც სააკაშვილის რეჟიმისთვის აღმოჩნდა. ვინაიდან პოლიციაში არნახული მაშტაბებით მიმდინარეობს მოქალაქეთა უფლებების დარღვევა, ბუნებრივია მათ აწყობთ ადვოკატის უფლების შეზღუდვა. მოგიყვებით ერთ ფაქტს: ლაშა და გიორგი სოზაშვილების ჩვენებით, 2012 წლის 2 დეკემბერს, 02:50 საათზე პოლიცია კერძოდ, ინსპექტორ გამომძიებელი იოსებ სახლთხუციშვილი და ინსპექტორ გამომძიებელი იოსებ ბაიაძე თბილისში თრიალეთის და კალაუბნის ქუჩებზე თავს დაესხა ძმებ გიორგი და ლაშა სოზაშვილებს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ნაცვლად იმისა, რომ პოლიციას მოეხადა ბოდიში და გაცლოდა იქაურობას, გამოიძახეს დამხმარე ძალა და პოლიციაზე წინააღმდეგბის გაწევის გამო ლაშა და გიორგი სოზაშვილები დააკავეს. პოლიციელები თავის ჩვენებაში განმარტავნ, რომ ისინი იყვნენ სამსახურეობრივი ფორმით და პირიქით, ლაშა და გიორგი სოზაშვილებმა მათ შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ლაშა და გიორგი სოზაშვილების ჩვენებებიდან იკვეთება, მათ თავს ორი პიროვნება დაესხა, რომლებსაც პოლიციის ფორმა არ ეცვათ. პროკურორი ვალდებული იყო ვიდეო გადაღების ამსახველი კადრები მოეთხოვა. თუ ეს კადრები არ იყო იმ ადგილზე, სადაც მოხდა პოლიციელების მხრიდან სავარაუდო კანონდარღვევა, მაშინ როგორც საქმის მასალებით იკვეთება, პოლიციის განყოფილებაში ძმები ლაშა და გიორგი სოზაშვილები მიიყვანეს იოსებ სალთხუციშვილმა და იოსებ ბაიაძემ. ყველა პოლიციის წინ არის სათვალთვალო კამერები, რომლებიც აუცილებლად დააფიქსირებდნენ პოლიცილებს ეცვათ თუ არა ფორმა. პროკურორი წავიდა არაკანონიერი გზით, დამალა დანაშაული და თვითონ ჩაიდინა დანაშაული. თუ გამოძიება გაარკვევდა, რომ პოლიცილები და მათ საშველად მისული სხვა პოლიციელები ტყუიან, პროკურორი ვალდებული იყო მიეცა ისინი პასუხისგებაში ცრუ ჩვენებების გამო. დაცვის მხარეს რომ ჰქონოდა ამოღების უფლება და ამოეღო ვიდეო კადრები გაირკვეოდა, რომ პლიციელებს ფორმა არ ეცვათ და იტყუებიან. თითქოს ძმებმა ლაშა და გიორგი სოზაშვილებმა პოლიციელებს სამსახურებრივი ქურთუკი დაუხიეს. დღეს, სასამართლოში მიმდინარეობს მათი საქმის განხილვა, ძმებ სოზაშვილებს ელოდება პატიმრობა, დამნაშავე პოლიციელები კი დაზარალებულები არიან. თუ საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით არ გააუქმებს ადვოკატის უფლებების შემზღუდავ ნორმას, მაშინ დამერწმუნეთ ახალ ხელისუფლებას გეყოლებათ თქვენი ვაზაგაშვილი, გირგვლიანი, გამცემლიძე, რობაქიძე, შავაძე, სოზაშვილი და ა.შ. მოგმართავთ იმ იმედით, რომ გულისხმიერებით მოეკიდებით ჩემს მიმართვას, განსხვავებით წინა ხელისუფლებისა, სადაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს სრული იგნორირებით ეკიდებოდა სააკაშვილის რეჟიმი. მოგმართავთ, რათა მოგაწვდინოთ 4000 ადვოკატის ხმა და გთხოვოთ, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით აამოქმედოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის 2-ე ნაწილის ახალი რედაქცა, რათა ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს უარი ეთქვას ფეოდალურ კანონმდებლობას", - აღნიშნულია ღია წერილში.