მაია ფანჯიკიძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდება

მაია ფანჯიკიძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატებს იმ ნაბიჯებს გააცნობს, რაც საგარეო პოლიტიკური კურსის განმტკიცებისთვის გადაიდგა. 

ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს დიპლომატებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრს იმის შესახებ თუ რას მიაღწია ახალმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლიდან ექვსი თვის განმავლობაში.

ფანჯიკიძის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრ ორგანიზაციაში იმყოფებოდა, სადაც განიხილებოდა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. ფანჯიკიძის თქმით, სწორედ ამ ქვეყნების, ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან დღეს საგარეო უწყებაში მოწვეულნი, იმისათვის, რომ გაუზიაროს ის შთაბეჭდილებები, რომელიც ამ ქვეყნებში და ორგანიზაციებში მიიღო. 

"რასაკვირველია, ვილაპარაკებთ ჩვენ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და ამ მიმართულებით გაწეულ მუშაობაზე. მაგალითად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისთვის საინტერესოა ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე. რასაკვირველია ისინი ინფორმირებულები არიან თავიანთი დედაქალაქებიდან, მაგრამ ჩვენი ხედვა, ჩვენი მოლოდინი, სურვილი და გეგმები, თუ როგორ უნდა მივიდეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტამდე, მათთვის ასევე საინტერესოა და მათაც დაეხმარება იმისათვის, რომ ჩვენს ინტერესებს გაეცნონ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, საუბარი შეეხება იმას, თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ ნატო-ს მიმართულებით. ამასთან ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ორი დღის წინ მას შეხვედრა ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჯონ ქერისთან და აღნიშნა, რომ ალბათ ეს თემაც აინტერესებს მის კოლეგებს.

"ჩვენ ვილაპარაკებთ იმაზე, რა გავაკეთეთ საგარეო პოლიტიკური კურისის განმტკიცებისთვის და რა მიღწევები გვაქვს საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე იქნება საუბარი მომავლის გეგმებზეც", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კითხვაზე: ისაუბრებს თუ არა ის დიპლომატებთან ქართველი გამომცემლების მიერ დიპლომატებისადმი მიმართვაზე, ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფირმაციას ის მხოლოდ პრესის საშუალებით ფლობს, ხოლო თუკი დიპლომატები ამ საკითხს დააყენებენ და გაუზიარებენ თავიანთ შეხედულებას, ფანჯიკიძის განცხადებით, ის ამას ყურადღებით მოისმენს.