თინა ხიდაშელი – საპარლამენტო უმრავლესობა ორივე კანონპროექტზე ვეტოს დაძლევს

თინა ხიდაშელი – საპარლამენტო უმრავლესობა ორივე კანონპროექტზე ვეტოს დაძლევს

საპარლამენტო უმრავლესობა ორივე კანონპროექტზე ვეტოს დაძლევს და რეფორმები როგორც ბრალდებულის უფლებების ნაწილში, ასევე, სასამართლო რეფორმის ნაწილში დაიწყება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა სტრასბურგიდან ჩართვისას ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს ეხება, მოწონებულია ვენეციის კომისიის მიერ. ხიდაშელის განცხადებით, სტრასბურგში გუშინ გავრცელდა ვენეციის კომისიის ხელმძღვანელის კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებით. კერძოდ, ამის შესახებ მან პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას ისაუბრა. "ის ნათლად საუბრობს, რომ მიესალმება ამ ცვლილებებს და ვენეციის კომისია იყო ერთ-ერთი, რომელიც მუდმივად საუბრობდა სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ. ამიტომ ამ რეფორმას ვენეციის კომისია მხარს უჭერს", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

ხიდაშელის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ვეტოს ადებს იმ კანონპროექტს, რომელიც სერიოზული პრობლემაა მისთვის. კერძოდ, ხიდაშელის აზრით, პრეზიდენტისთვის დამოუკიდებელ მედიასთან ერთად, დამოუკიდებელი სასამართლო სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

"სააკაშვილს ეშინია, თავისუფალი მოსამართლეების. საბედნიეროდ, მხოლოდ რამდენიმე დღით ის მოახერხებს ამ რეფორმის შეჩერებას. ჩვენ შემდეგ სასესიო კვირაში შევიკრიბებით და ამ ვეტოს დავძლევთ. მან ძალიან კარგად იცის, რომ ამ ვეტოს არავითარი ფასი არ აქვს, გარდა ერთი კვირისა. ხალხს ერთი კვირით მოპარავს საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს დაწყების შესაძლებლობას. 9 წელი ითმენდა და ამ ერთ კვირასაც მოითმენს ქართველი ხალხი", - დასძინა ხიდაშელმა.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ ორ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, პირველ შემთხვევაში საუბარია კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას და საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას შეეხება. ხოლო მეორე შემთხვევაში პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენა კანონპროექტთან მიმართებაში, რომელიც ეხება ბრალდებულის უფლების შეზღუდვას, თავად აირჩიოს მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, განხილულ იქნას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ თუ მის გარეშე.