დაჩქარებული მომსახურებისთვის საფასურის დაწესებაზე საკანონმდებლო ინიციატივა უკვე პარლამენტშია

დაჩქარებული მომსახურებისთვის საფასურის დაწესებაზე საკანონმდებლო ინიციატივა უკვე პარლამენტშია

დედაქალაქის მერიის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის საფუძველზეც ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე საფასურის დაწესება შეეძლება, უკვე პარლამენტშია.

თბილისის მთავრობის მომზადებული და პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით, ცვლილებები "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" კანონში შედის. კორექტირება იმ მუხლს ეხება, რომელიც კანონში დეპუტატ თინა ხიდაშელის ინიციატივით ჩაიდო და, რომლის თანახმადაც, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს კანონით დადგენილისგან განსხვავებული, დამატებითი გადასახადების შემოღება აეკრძალა.

კერძოდ, პარლამენტის მიერ დაახლოებით ორი თვის წინ მიღებული კანონის თანახმად, რომელიც ძალაში 1-ელი ივნისიდან შედის, დაუშვებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შემოიღოს ამ კანონით დადგენილი მოსაკრებლისგან განსხვავებული ან დამატებითი სხვა ტარიფი, გადასახდელი ან მომსახურების საფასური იმ საქმიანობის განხორციელებისათვის ან სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ იმ მომსახურების გაწევისათვის, რომლისთვისაც უკვე დადგენილია მოსაკრებელი. პარლამენტში ინიცირებული პროექტის გათვალისწინებით, ეს აკრძალვა დაჩქარებულ მომსახურებაზე არ გავრცელდება.

ამ კონტექსტში დედაქალაქის მერია მშენებლობის ნებართვის დაჩქარებულ მომსახურებაზე აპელირებს და განმარტავს, რომ დედაქალაქში ამ მიმართულებით დანერგილია დაჩქარებული მომსახურების სერვისი, არსებობს მშენებლობის ნებართვის მოკლე ვადაში გაცემის შესაძლებლობა, რასაც პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა პრობლემა შეუქმნა.