გიორგი კანდელაკი:   ევროსაბჭოში ასეთი საუბარი თვითმკვლელობის ტოლფასია

გიორგი კანდელაკი: ევროსაბჭოში ასეთი საუბარი თვითმკვლელობის ტოლფასია

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კანდელაკს ევროსაბჭოში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის გამო რცხვენია და მიიჩნევს, რომ პრემიერმა საქართველო ვერ დაიცვა 

"ვფიქრობ, საქართველოსთვის სამწუხარო დღეა. მე, როგორც პარლამენტის წევრს, მრცხვენია, რომ ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ასეთი სუსტი გამოსვლა ჰქონდა მრავალი თვალსაზრისით - პირველ რიგში იმიტომ, რომ ის იყო ძალიან კონფრონტაციული – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, შეიძლება ითქვას, ეჩხუბა და უთხრა, რომ ისინი არიან სიცრუის მსხვერპლნი. სტრასბურგში ასეთი საუბარი თვითმკვლელობის ტოლფასია. მეორეც, მისი პოზიციები რუსეთის დელეგაციის პოზიციებს დაემთხვა – იგი დაეთანხმა რუსეთის დუმის წევრს, რომ უნდა შესუსტდეს კანონი "ოკუპაციის შესახებ". ასევე როცა მას პოლონელმა დეპუტატმა დაუსვა შეკითხვა, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი პასუხისმგებელი ქართველების ეთნიკურ წმენდაზე, იმის ნაცვლად, რომ დაეცვა საქართველოს ინტერესები, მან კვლავ საქართველო დაადანაშაულა იმაში, რომ მოხდა ქართველების ეთნიკური წმენდა. ასევე ძალიან სამწუხაროა, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილი შეაქო, იყო რუსეთის "ედინაია რასიას" წარმომადგენელი - თბილი სიტყვები სხვისგან არავისგან მოგვისმენია", - განუცხადა სტრასბურგში მყოფმა გიორგი კანდელაკმა ”ინტერპრესნიუსს”.
მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა "საქართველოსთვის ცუდია".

"მათ შორის ესაა ცუდი ჩვენი პარტიისთვისაც, რადგან ჩვენთვისპარტიულ განსხვავებებზე მნიშვნელოვანია საქართველოს ინტერესები და ის, თუ როგორ გამოჩნდება ქვეყანა საზღვარგარეთ", - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.