“Scorpions”-ის ახალი ალბომი

“Scorpions”-ის ახალი ალბომი

რამდენიმე დღის წინ ცნობილმა გერმანულმა ჯგუფმა “Scorpions” ახალი ალბომი მოამზადა. მისი სახელწოდებაა “Get Your Sting $ Blackout – Live In 3D”. ალბომი გაყიდვაში მიმდინარე წლის 6 დეკემბერს გამოვა.

 

DVD დისკზე ჩაწერილია კონცერტი, რომელიც ჯგუფმა 2011 წლის 15 აპრილს გერმანიის ქალაქ საარბრიუკენში ჩაატარა. კონცერტზე ჯგუფმა 21 პოპულარული კომპოზიცია შეასრულა, მათ შორის “Wind Of Change”, “Blackout”, “Rock You Like A Hurricane”, “Still Loving You” და “Send Me An Angel”.

 

გერმანული როკ ჯგუფი “Scorpions” 1965 წელს ქალაქ ჰანოვერში დაარსდა. მისთვის დამახასიათებელია როგორც კლასიკური ჰარდ-როკი, ასევე ლირიული როკ-ბალადებიც. ხანგრძლივი მუსიკალური კარიერის განმავლობაში “Scorpions”-ს 150 მილიონი ცალი ალბომი აქვს გაყიდული.

 

ჯგუფის ამჟამინდელ შემადგენლობაში შედიან კლაუს მაინე, რუდოლფ შენკერი, მატიას იაბსი, პაველ მონჩივოდა და ჯეიმს კოტაკი.

 

მსოფლიო ასპარეზზე ჯგუფი 1972 წელს გამოჩნდა, როდესაც სადებიუტო ალბომი “Lonesome Crow” ჩაწერა. სულ გამოშვებული აქვს 19 სტუდიური ჩანაწერი. ამათგან ბოლო “Sting In The Tail” გასულ წელს გამოვიდა.

 

“Scorpions”-ის წევრები პროფესიულ მუსიკალურ მოღვაწეობას ოფიციალურად ასრულებენ. ამ მიზნით ჯგუფი ამჟამად ე.წ. გამოსათხოვარ მსოფლიო საგასტროლო ტურნეში იმყოფება, რომელიც 2012 წლის დეკემბერში დასრულდება.