ჩიორა თაქთაქიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფა

ჩიორა თაქთაქიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფა "კარგად ჩაფიქრებული პოლიტიკური აქტი იყო"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილის ცემა "კარგად ჩაფიქრებული პოლიტიკური აქტი იყო და არა, პირდაპირი მნიშვნელობით, ქალებზე ძალადობის შემთხვევა".

ამის შესახებ ივანიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან საპარლამენტო უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და ამ დროს პოლიციის უმოქმედობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ქალბატონ ჩიორასთან დაკავშირებით, სამწუხაროა, რომ ეს მოხდა ისე, როგორც მოხდა, მაგრამ იქ ძალიან ბევრი კითხვები არსებობს ორმხრივი და ეს არ არის პირდაპირი მნიშვნელობით ქალებზე ძალადობის შემთხვევა. იქ იყო კარგად ჩაფიქრებული პოლიტიკური აქტი და ეს კომპლექსურ შესწავლას საჭიროებს, თუმცაღა მე წუხილს გამოვთქვამ, რომ მოხდა. გარწმუნებთ, რომ სამართალმდაცველმა სტრუქტურებმა იქ ადეკვატური რეაქცია გააკეთეს და შესაბამისი დამნაშავეები დაისაჯნენ", - განაცხადა ივანიშვილმა.