"ჩვენი ყველა გზავნილი ოსებთან და აფხაზებთან არის, რომ მხოლოდ ძმობით და მეგობრობით ვაპირებთ, აღვადგინოთ ურთიერთობა და ჩვენი ტერიტორიები"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანა, რუსეთთან ურთიერთობებს გააიოლებს.

ამის შესახებ ივანიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის დარღევის გამო სასჯელის შესამსუბუქებლად.

"ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით კანონის" ცვლილება არ იგეგმება, თუ ტერმინოლოგია გაქვთ მხედველობაში. მართალი გითხრათ, კითხვა კარგად ვერ გავიგე, მაგრამ გეტყვით ჩვენს დამოკიდებულებას. ვეცდებით, მხოლოდ მშვიდობიანი გზებით და რიტორიკით მოვახერხოთ და დავამყაროთ ურთიერთობა. ჩვენი ყველა გზავნილი ოსებთან და აფხაზებთან არის, რომ მხოლოდ ძმობით და მეგობრობით ვაპირებთ, აღვადგინოთ ურთიერთობა და ჩვენი ტერიტორიები. ასეთია დამოკიდებულება ჩვენი რუსეთთანაც. ის რიტორიკა, რამაც ჩვენ მიგვიყვანა სავალალო მდგომარეობამდე, ჩვენს ხელთ რაც არსებობს და ჩვენ ბევრი ბერკეტი არ გაგვაჩნია დღეს, ახალი მთავრობა მაქსიმალურად ვცდილობთ, რუსეთთანაც მშვიდობიანი რიტორიკით მოვახერხოთ და დავარწმუნოთ ამ ტერიტორიების მიმართ არსებული დამოკიდებულება არც რუსეთისთვისაა სასარგებლო, რამეთუ ჩემი ანალიზით, ეს დიდ საფრთხეს უქმნის რუსეთს საშინაო თუ საგარეო უშიშროების პოლიტიკის მიმართულებით. მე მგონი, მომავალში ორივე მხარე და პირველ რიგში, რუსეთი გააცნობიერებს, რომ ეს არ არის სასარგებლო მისთვისაც და მცდელობები ამ მხრივ იქნება უფრო გასაგები და კონკრეტული", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციამ ცარიელ ადგილზე დიდი სკანდალი წამოსწია.

"ღია კარებს ამტვრევენ, ვერ გავიგე, რა არ მოსწონთ. გასაგებია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან. ის, რომ ჩვენ კორექტირება გავაკეთეთ კანონში, ბუნებრივია. მე მგონია, რომ გააიოლებს და დააჩქარებს ურთიერთობებს როგორც ჩვენ ძმებთან, ისე ჩვენს დიდ მეზობელთან", - აღნიშნა ივანიშვილმა.