"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ირინა იმერლიშვილის მეუღლის კომპანიის ტენდერებში მონაწილეობაზე ინფორმაციას აქვეყნებს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" დეპუტატ ირინა იმერლიშვილის მეუღლის კომპანიის "ფუდ ლაინ ჯორჯიას" თავდაცვის სამინისტროს ტენდერებში მონაწილეობის შესახებ მოკვლეულ ინფორმაციას აქვეყნებს. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში მონაწილეობა "ფუდ ლაინ ჯორჯიამ" მიიღო, რომლის გენერალური დირექტორი ირინა იმერლიშვილის მეუღლე შალვა ბებოშვილია.

საქმე ეხება 2013 წლის 18 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ორ ელექტრონულ ტენდერს (SPA130004297, SPA130004296), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის მიზნით, რომელთა შესყიდვის საერთო ღირებულება შეადგენდა შესაბამისად 73,932.200 და 34,739.500 ლარს.
"შალვა ბებოშვილი შპს "ფუდ ლაინ ჯორჯიას" დირექტორად 2013 წლის 4 აპრილს დაინიშნა, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში წინადადების მიღების დაწყებამდე ერთი დღით ადრე. იმავე დღეს, "ფუდ ლაინ ჯორჯიას" 100% წილის მფლობელმა კონსტანტინე მანაგაძემ კომპანია ვინმე არჩილ ტუღუშზე გაასხვისა.

აღსანიშნავია ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად: ნასყიდობის საგნის უკან დაბრუნება შესაძლებელია მოხდეს იმ შემთხვევაში თუ შპს "ფუდ ლაინი ჯორჯია" ვერ გაიმარჯვებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის (CPV 55500000 – სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურებები) შესყიდვის ელექტონულ ტენდერში, რომელიც ტარდება 2013 წლის 15 აპრილამდე", - ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

რაც შეეხება უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებს, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის 10 აპრილს ვაჭრობის შედეგად პირველ ტენდერში გამარჯვებულად შპს "ფუდ ლაინ ჯორჯია" (ს.კ. 205289463) გამოცხადდა, რომელიც მოგვიანებით დისკვალიფიცირებულ იქნა ტექნიკური დოკუმენტების წარუდგენლობის გამო.

აღსანიშნავია, რომ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შპს "ფუდ ლაინ ჯორჯიას" 2013 წლის 5 აპრილამდე არასოდეს მიუღია მონაწილეობა ელექტრონულ ტენდერებში. ასევე უნდა ითქვას, რომ კომპანია "ფუდ ლაინ ჯორჯია" თავდაცვის სამინისტროს პირველი ტენდერიდან დისკვალიფიცირებულ იქნა ამ საკითხის საჯაროდ გახმაურებამდე.

თავდაცვის სამინისტროს 34.739.500 მილიონ ლარის ღირებულების მეორე ტენდერშიც (SPA130004296) "ფუდ ლაინ ჯორჯია" გამოცხადდა გამარჯვებულად, რომელმაც დისკვალიფიცირებული შპს "ლამპარი 2008" ჩაანაცვლა. კომპანიას დავალებული ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა 2013 წლის 19 აპრილამდე.

ამავე პერიოდში "ფუდ ლაინ ჯორჯიას" მფლობელთა მონაცემებში კვლავ განხორციელდა ცვლილება. კერძოდ, 2013 წლის 16 აპრილს კომპანიის 50% 1 ლარად გასხვისდა ისრაელის მოქალაქე მერაბ კიკოზაშვილზე იმ პირობით, რომ მყიდველი მოახდენს კომპანიაში 1 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას თუმცა, ინვესტირება განხორციელდება ეტაპობრივად.

"მიუხედავად იმისა, რომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე არ შეიძლება დავასკვნათ, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონის დარღვევას ან კორუფციულ გარიგებას, ცხადია, რომ ირინა იმერლიშვილის მეუღლის დირექტორად დანიშვნა აუქციონამდე ერთი დღით ადრე და კომპანიის გასხვისება იმ პირობით, რომ იგი თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვებდა, გონივრულ ეჭვებს წარმოშობს. უფრო მეტად საინტერესოა კომპანიის გასხვისების მიზნით ბოლოს დადებული ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლი, რომლის თანახმად, ინვესტორი კომპანიაში ინვესტირებას დაიწყებს იმ ვალდებულებათა შესრულების გრაფიკით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე. შეგახსენებთ, რომ კომპანიაში წილის გასხვისების ხელშეკრულება 2013 წლის 16 აპრილს დაიდო, როდესაც თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი დასრულებული არ იყო", - ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის ირინა იმერლიშვილის მეუღლის კომპანიის - "ფუდ ლაინ ჯორჯიას" თავდაცვის სამინისტროს ტენდერებში გამარჯვების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის გიორგი კანდელაკის განცხადებით, აღნიშნული ტენდერების მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებასა და ნეპოტიზმს.