ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა ივნისის დასაწყისში გაიმართება

ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა ივნისის დასაწყისში გაიმართება

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერი-მინისტრის ოფიციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს , გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა ივნისის პირველ რიცხვებში, სავარაუდოდ პრაღაში გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, შეხვედრაზე განიხილავენ იმ ნაბიჯებს, რომელიც ამ ფორმატის ამოქმედებიდან გადაიდგა.

"პირადად ჩემი შეხედულება ასეთია, რომ ამ პერიოდში ხელშესახები შედეგები სახეზეა; კერძოდ, ქართული პროდუქციის, ღვინის, მინერალური წყლების, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების კუთხით. ალბათ, უახლოეს თვეებში ეს პროდუქცია რუსულ ბაზარზე დაბრუნდება. ასევე ვცდილობთ, რომ ყაზბეგისა და ლარსიის მარშრუტი ისე ფენქციონირებდეს, რომ ამ სავაჭრო ურთიერთობებს და ქართული პროდუქციის ექსპორტს წინააღმდეგობა არ შეექმნას და ამ კუთხით, "ზემო ლარსი-ყაზბეგის" გამშვები პუნქტი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს", - აღნიშნა აბაშიძემ.

როგორც ზურაბ აბაშიძე აცხადებს, გრიგორი კარასინთან 1 მარტს გამართულ შეხვედრაზე, მისმა რუსმა კოლეგამ აღნიშნა, რომ მოსკოვში ფიქრობენ თუ როგორ შეიძლება გამარტივდეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი.

"საუბარია სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე და არა გაუქმებაზე მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის და იმედი მაქვს, რომ შემდეგ შეხვედრაზე უფრო სრული სურათი გვექნება, თუ რას გულისხმობენ გამარტივების თვალსაზრისით",- განაცხადა აბაშიძემ.