ბიძინა ივანიშვილი - კობა დავითაშვილს საკმაოდ ვეჩხუბე

ბიძინა ივანიშვილი - კობა დავითაშვილს საკმაოდ ვეჩხუბე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კობა დავითაშვილს დავით სერგეენკოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო "ეჩხუბა".

როგორც ბიძინა ივანიშვილმა სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ თემაზე დავითაშვილს დღეს ტელეფონით ესაუბრა. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ თუ დეპუტატს კოალიციაში დარჩენა სურს, გუნდს ანგარიში უნდა გაუწიოს.

"ვესაუბრე კობა დავითაშვილს და საკმაოდ ვეჩხუბე. მან უნდა მოახერხოს და ჯერ საკუთარ გუნდში უნდა გააკეთოს განმარტებები. იგი მუდამ ახერხებს გარედან ინფორმაციის შემოტანას და თანაც ისე, რომ ეს არაფერს ეფუძნება. ძალიან საწყენი იყო, რომ დავითაშვილმა ეს გააკეთა. მე მას ავუხსენი, რომ თუ მას სურს გუნდში დარჩენა, გუნდს ანგარიში უნდა გაუწიოს და ინფორმაცია პირველად გუნდში გააჟღეროს. ელემენტარული წესები არსებობს ყველაფერში. სერგეენკო უპატიოსნესი კაცია და ეს თემა არის ხელოვნურად მოგონილი. არავითარ კორუფციას არ აქვს ადგილი, ის აბსოლუტურად წესიერი კაცია", - აღნიშნა ივანიშვილმა.

სერგეენკოსა და კობა დავითაშვილს შორის ურთიერთბრალდებები გაზეთ "ქრონიკაში" გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ გამოიწვია, სადაც კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრი კერძო სადაზღვევო კომპანიებს ლობირებს და ჯანდაცვის სისტემაში რეფორმა არ მიმდინარეობს.

კობა დავითაშვილის ბრალდებას დღეს დავით სერგეენკომაც უპასუხა და აღნიშნა, რომ დავითაშვილმა თავისი არგუმენტები დოკუმენტების საფუძველზე უნდა წარმოადგინოს ან საჯაროდ ბოდიში მოიხადოს. თუმცა, დეპუტატი მინისტრისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.