"პრეზიდენტს "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონზე ვეტოს დადების სამართლებრივი არავითარი საფუძველი არ აქვს"

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონზე ვეტოს დადების სამართლებრივი არავითარი საფუძველი არ აქვს.

"კანონი სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ასევე 90-პროცენტიან შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. თუ პრეზიდენტმა ეს უფლება კვლავ ბოროტად გამოიყენა და კანონს ვეტო დაადო, ეს ნიშნავს, რომ ის მაქსიმალურად ბოროტად ცდილობს, ხელი შეუშალოს სასამართლოს მართვის რგოლის დემოკრატიზაციას", - განაცხადა მან და დასძინა, რომ ვეტოს დადების შემთხვევაში, პარლამენტი მას დაძლევს.

რაც შეეხება კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას, ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ამას საფუძველი უნდა ჰქონდეს, ანუ კანონი კონსტიტუციას უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ასეთი რამ კი ამ შემთხვევაში არ ხდება.

ქუცნაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ "პრეზიდენტი დესტრუქციულ ქმედებებს შეეშვება და ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში ჩაერთვება".

ამასთან, მისივე თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან ჯანი ბუკუკიოსთან შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც საუბარი სწორედ აღნიშნულ კანონს შეეხება.

შეგახსენებთ, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გადაწყვეტილება 25 აპრილამდე უნდა მიიღოს – ან ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს მას.