ბიძინა ივანიშვილი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრეზიდენტს, დინ შპილმანს შეხვდა. 

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიმართა.

როგორც შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებების დაცვის ღირებულებებზე დაფუძნებულ "ევროპული საჯარო წესრიგის" ქვაკუთხედს წარმოადგენს.

"საქართველოს ახალი მთავრობა ადამიანის უფლებების დაცვის პრიორიტეტით მოვიდა ხელისუფლებაში. ჩვენს მიერ დეკლარირებულია ახალი სტრატეგია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს საქართველოდან მიმართული საჩივრებისგან განტვირთავს", - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ, ჟან კლოდ მინიონსაც შეხვდა. ხვალ კი პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა.