კობა დავითაშვილი დავით სერგეენკოსთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს

კობა დავითაშვილი დავით სერგეენკოსთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს

დეპუტატი კობა დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კობა დავითაშვილმა განაცხადა, კერძო სადაზღვევო კომპანიების ლობირებასთან დაკავშირებით დავით სერგეენკომ კონკრეტულ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი. 

"ბატონ დავით სერგეენკოს ვურჩევ პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს. შეკითხვები არის ძალიან კონკრეტული, მისი გადაწყვეტილებები არის კერძო სადაზღვევო კომპანიების ინტერესებში. როგორც ჩანს, ბატონ სერგეენკოს სურს, არსებით განხილვას თავი აარიდოს და ფორმალობაზე გადაიტანოს საკითხი. ამიტომ მას მოუწევს პასუხების გაცემა, სანამ პასუხებს არ გასცემს, ბოდიშს კი არა ვერაფერს ვერ მიიღებს ჩემგან. მისი პარლამენტში მოსვლის საკითხი დაყენებული მაქვს ფრაქციის წინაშე", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

სერგეენკოსა და კობა დავითაშვილს შორის ურთიერთბრალდებები გაზეთ "ქრონიკაში" გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ გამოიწვია, სადაც კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრი კერძო სადაზღვევო კომპანიებს ლობირებს და ჯანდაცვის სისტემაში რეფორმა არ მიმდინარეობს.

კობა დავითაშვილის ბრალდებას დღეს დავით სერგეენკომაც უპასუხა და აღნიშნა, რომ დავითაშვილმა თავისი არგუმენტები დოკუმენტების საფუძველზე უნდა წარმოადგინოს ან საჯარო ბოდიში მოიხადოს.