დავით სერგეენკო კობა დავითაშვილს ბრალდებების დამტკიცებას ან საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვს

დავით სერგეენკო კობა დავითაშვილს ბრალდებების დამტკიცებას ან საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პარლამენტარ კობა დავითაშვილს ბრალდებების დამტკიცებას ან საჯაროდ ბოდიშის მოხდას სთხოვს. 

დავით სერგეენკომ კომენტარი გაზეთ "ქრონიკის" ინტერვიუსთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც კობა დავითაშვილი ჯანდაცვის მინისტრს ბრალს სდებს კორუფციაში. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიების ლობირებასა და ჯანდაცვის რეფორმის არარსებობაში.

ამ თემასთან დაკავშირებით დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ კობა დავითაშვილი მას მძიმე დანაშაულს აბრალებს, რის გამოც დავითაშვილმა ან საჯარო ბოდიში უნდა მოიხადოს, ან დაადასტუროს და დაამტკიცოს ეს ბრალდებები.

"მე მძიმე დანაშაულში მდებს კობა დავითაშვილი ბრალს. ეს დანაშაული უმძიმესია, ვინაიდან, როგორც სახელმწიფო მოხელეს, კორუფციაში მდებს ბრალს, მან ეს ბრალდებები უნდა დაამტკიცოს ან საჯარო ბოდიში მოიხადოს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე ინფორმაციით, კერძო სადაზღვევო კომპანიები და სახელმწიფო პროგრამაზე გადასვლასთან დაკავშირებით გარდამავალი ეტაპის სამოქმედო გეგმის სამი ვარიანტი საპარლამენტო კომიტეტშია წარდგენილი. აქედან მეორე ვარიანტი შეირჩა.

როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, აღნიშნულ სამუშაო პროცესში კობა დავითაშვილიც იყო ჩართული. თუმცა როგორც მინისტრმა განაცხადა, მუშაობის პროცესში კობა დავითაშვილმა ღია ეთერით დაიწყო აპელირება, რის გამოც მან დავითაშვილი სამუშაო პროცესს ჩამოაშორა.

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, კობა დავითაშვილს ალბათ ბოლომდე წაკითხული არ აქვს ეს პროექტი და შესაბამისად, ამის გამო მოხდა ის, რა ბრალდებებიც წაუყენა.