არჩილ კბილაშვილი:  ამ ეტაპზე დათა ახალაიას პასუხისმგებლობის შემცირების ან მისგან გათავისუფლების წინაპირობა არ არსებობს

არჩილ კბილაშვილი: ამ ეტაპზე დათა ახალაიას პასუხისმგებლობის შემცირების ან მისგან გათავისუფლების წინაპირობა არ არსებობს

მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსნის, დათა ახალაიას პასუხისმგებლობის შემცირების ან მისგან სრულად გათავისუფლების არც ერთი წინაპირობა არ არსებობს. 

როგორც არჩილ კბილაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კანონით შესაძლებელია პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ გარკვეული შეღავათის განხორციელება, თუკი გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად რამდენიმე დანაშაული გაიხსნება და მათი ჩამდენი თანამდებობის ან სხვა პირების შესახებ გახდება ცნობილი, თუმცა კბილაშვილის თქმით, "ეს კანონის ფორმულირებაა და დათა ახალაიასთან მიმართებაში ჯერჯერობით არაფერი მეტი".

"დათა ახალაია დღეს ბრალდებულია ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც პოლიციელის ცემას უკავშირდება. ამ საქმეში წარდგენილი აქვს ბრალი და მასზე ძებნაა გამოცხადებული. რაც შეეხება მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, თუ დავუშვებთ, რომ ეს განცხადება მას ეკუთვნის, თუ დავუშვებთ რომ განცხადებაში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ახალაია გამოძიებას ჩვენებას მისცემს, თუ დავუშვებთ, რომ მის მიერ ჩვენების მიცემის შემთხვევაში ფაქტები, რაზეც განცხადებაში საუბრობს, გამოძიებით იქნება დადასტურებული, თუკი მისი გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად გაიხსნა რამდენიმე დანაშაული, ცნობილი გახდება დანაშაულის ჩამდენი თანამდებობის ან სხვა პირები, ასეთ შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს იმას, რომ გარკვეული შეღავათი იქნეს განსაზღრული მის, როგორც პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ. ესაა ჩვეულებრივი ფორმულა, რაც კანონში დევს და ეს წესი ძალაშია ყველას, მათ შორის ახალაიას მიმართ. თუ ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრე, შესაძლებელია რეალობად გადაიქცეს, შესაძლებელია რეალობად იქცეს ისიც, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი იქნეს სხვანაირად დანახული – შეღავათის რეჟიმში. პასუხისმგებლობის საერთოდ მოხსნაც გათვალისწინებულია კანონით _ მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლი მთავარ პროკურორს აძლევს უფლებას, განსაკუთრებულ შემთხვევებში სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის პასუხისმგებლობისგან ან სასჯელისგან სრულად გათავისუფლების ან მსჯავრდებულის სასჯელის გადახედვის თაობაზე, თუ ბრალდებული ისე ითანამშრომლებს საგამოძიებო ორგანოსთან, რომ გაირკვევა დანაშაულის ჩამდენი თანამდებობის პირის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა და ამით უშუალოდ ეწყობა ხელი საქმის გახსნას. ეს არის შესაძლებლობა, მაგრამ რასთან გვაქვს საქმე, ჯერ ლაპარაკი ზედმეტია. ესაა კნონის ფორმულირება და არაფერი მეტი – ახალაიასთან მიმართებაში ჯერჯერობით საამისო არც ერთი წინაპირობა არ არის", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მთავარი პროკურორი განმარტავს, რომ წინასწარ საუბარი, გამოიყენებს თუ არა დათა ახალაიასთან მიმართებაში მის უფლებას, არ შეუძლია.

"რასაკვირველია, წინასწარ ამის თქმა არ შემიძლია. რაც ახლა გითხარით, ასეთივე წარმატებით შემიძლია გითხრათ ნებისმიერი ბრალდებული პირის მიმართ. მცდარი იქნება იმის აღქმა, რომ ეს სპეციფიკურად დათა ახალაიას ეხებოდეს, დათა ახალაია აქ აბსოლუტურად არაფერ შუაშია, ესაა მიდგომა, რომელიც ეხება ნებისმიერ ბრალდებულს", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.
ამასთან, არჩილ კბილაშვილის განმარტებით, კანონის აღნიშნული ჩანაწერი მხოლოდ ბრალდებულის წინაშე უკვე დამდგარ ბრალდებებს ეხება და ის "მომავალზე გარანტიას არ იძლევა".

აღნიშნულიდან გამომდინარე, მთავარი პროკურორი დასძენს, რომ თუკი დათა ახალაია გამოძიებასთან ითანამშრომლებს და მისი პასუხისმგებლობის შემცირება ან მისგან გათავისუფლება მოხდება, ის მხოლოდ ახალაიას წინააღმდეგ დღეისთვის აღძრულ ერთადერთ საქმეს შეეხება და მისთვის არ მოხდება გარანტიის მიცემა, რომ მომავალში მისი ბრალეულობა რომელიმე საქმესთან მიმართებაში არ გამოიკვეთება.