ვახტანგ ხმალაძე მოსამართლეთა მხრიდან საინიციატივო ჯგუფის შექმნის ინიციატივას მიესალმება

ვახტანგ ხმალაძე მოსამართლეთა მხრიდან საინიციატივო ჯგუფის შექმნის ინიციატივას მიესალმება

მოსამართლეთა კორპუსის მხრიდან თუ არ დაიწყო თვითდამოუკიდებლობისთვის ხელშეწყობის პროცესი მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი კანონებით ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ , - ამის შესახებ საპარლამენტო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა. 

"ინტერსპრესნიუსის" კითხვაზე, თუ როგორ აფასებს მოსამართლეთა მხრიდან საინიციატივო ჯგუფების შექმნას მართლმსაჯულების რეფორმის მხარდასაჭერად, ხმალაძემ განაცხადა, რომ ის მიესალმება მოსამართლეთა მხრიდან აღნიშნულ ინიციატივას.

"მე ახლა გავიგე ამ ინიციატივის შესასებ, თუმცა საზოგადოდ ნებისმიერი გაერთიანება, მით უფრო პროფესიონალი მოსამართლეებისა, რომლის მიზანიც არის სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრება და სწორი სამართლიანი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, უდაოდ მისასალმებელია. ეს იქნება კარგი თავად საზოგადოებისთვისაც, რადგან, ის რეფორმა რომელიც ხორციელდება საზოგადოებასთან სწორად უნდა იყოს მიტანილი, სწორად უნდა იყოს გაგებული და თავად შიგნიდან მოსამართლეთა კორპუსის მხრიდან თუ არ დაიწყო ის თვითდამოუკიდებლობისთვის ხელშეწყობის პროცესი, მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი კანონებით ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ კანონის ხელმოწერის მოლოდინში, მოსამართლეები რეფორმის მხარდამჭერ ჯგუფებს ქმნიან. მათ მიზანს, როგორც თავად აცხადებენ, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მიღწევა და მოსამართლეთა ამ მიზნის გარშემო გაერთიანება წარმოადგენს.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ვლადიმერ ხუჭუას გარშემო მოიაზრება.

"ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა ვლადიმერ ხუჭუას, რომელიც განმარტავს, რომ ჯგუფში ვერ მოხვდებიან ის მოსამართლეები, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კენჭისყრას აპირებენ.
მისივე ინფორმაციით, ამ პრინციპებს მოსამართლეთა მრავალი ჯგუფი იზიარებს. ვლადიმერ ხუჭუა ამ მიზნის გარშემო გაერთიანებული მოსამართლეების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს "ცოტა არ არის".