ბიძინა ივანიშვილი:     საქართველო დაჩქარებული ტემპებით შეასრულებს ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს

ბიძინა ივანიშვილი: საქართველო დაჩქარებული ტემპებით შეასრულებს ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს

საქართველოს მთავრობა დაჩქარებული ტემპებით შეასრულებს ევროპის საბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჟან კლოდ მინიონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, პირველი ვიზიტის მიუხედავად, შეხვედრა განსაკუთრებით თბილ გარემოში წარიმართა და ურთიერთობებიც "მარტივად განვითარდა"

"ჩვენ მოკლედ შევეხეთ იმ ვალდებულებებს, რომლებიც საქართველოს აქვს ევროსაბჭოს წინაშე. მე დავარწმუნე ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, რომ ახალი მთავრობა დაჩქარებული ტემპებით, აუცილებლად შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს. ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელიც გვაქვს ჩვენს დიდ მეზობელ რუსეთთან. დავგეგმეთ ამ ურთიერთობის დალაგების და განვითარების შესაძლებლობები, ასევე, სხვა საკითხები, რაც ევროკავშირთან ჩვენს ინსტიტუციურ თანამშრომლობას ეხება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჟან კლოდ მინიონის ვიზიტი თბილისში, რომელიც მაისის ბოლოს შედგება.

"დარჩენილ დროში ვაჩვენებთ, რომ ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველომ უახლოეს დროში მოახერხოს ევროკავშირში ინტეგრაცია", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ერთობლივი განცხადებების ამსახველი ვიდეომასალა ბიძინა ივანიშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.