რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ჯგუფი “Black Sabbath”-ის გიტარისტი ტონი აიომი ახალი პროექტის განხორციელებას აპირებს.
2009 წელს კომპანია “Next FIlms”-მა აიომისა და მისი კოლეგებისაგან ჯგუფის სახელწოდების ახალ სურათში გამოყენების უფლება შეიძინა. ფილმის “Black Sabbath” გადაღებას სტუდია უახლოეს მომავალში შეუდგება. სამწუხაროდ მას ჯგუფთან მხოლოდ სახელი დააკავშირებს.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ტონი აიომის ფილმის გადამღები ჯგუფი დაუკავშირდა და სურათის საუნდტრეკისათვის “Black Sabbath”-ის რომელიმე პოპულარული კომპოზიციის ქოუვერ-ვერსიის შექმნა სთხოვა. აიომის ეს იდეა მოეწონა და ახალი პროექტის განხორციელებას შეუდგა.
უახლოეს თვეებში მუსიკოსი ჯგუფის არქივს ჩაუჯდება, შემდეგ ხმის ჩამწერ სტუდიაში გადაინაცვლებს და რამდენიმე ცნობილ კომპოზიციას ხელახლა ჩაწერს.
“ფილმის გადამღებმა ჯგუფმა შესანიშნავი იდეა მომაწოდა. მათ საუნდტრეკად ერთი კომპოზიცია სჭირდებათ. გადავწყვიტე ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვა და პარალელურად ახალი ალბომისათვის მზადება დავიწყო. მასში “Black Sabbath”-ის პოპულარული სიმღერების ახალი თანამედროვე ვერსიები იქნება წარმოდგენილი. მუშაობას მალე დავიწყებ და იმედი მაქვს საბოლოო შედეგი კარგი გამომივა.” – განაცხადა ტონი აიომიმ.