აქციაზე წამსველებზე ზეწოლის ფაქტები არ დასტურდება

აქციაზე წამსველებზე ზეწოლის ფაქტები არ დასტურდება

„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია უკვე იწყება და რუსთაველის გამზირზე, ყოფილ პარლამენტის შენობასთან პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები უკვე არიან შეკრებილები. მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომ რეგიონებში პარტიის მხარდამჭერებს თბილისისკენ წამოსვლას ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები უკრძალავდნენ. დღეს კი საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განმარტა, რომ მართალია დღეს პოლიციის თანამშრომლები „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს უკვე პრობლემებს აღარ უქმნიან, მაგრამ სამაგიეროდ ადგილებზე როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურებში ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები დადიან და ადამიანებს ხელს აწერინებენ იმაზე, რომ აქციაზე თბილისში არ ჩამოვლენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონიტორინგს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სახალხო დამცველის აპარატი აწარმოებენ. For.ge შეეცადა გაერკვია, დასტურდება თუ არა ნაციონალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მათ მხარდამჭერებზე ზეწოლასთან დაკავშირებით. ამის გასარკვევად „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ დავუკავშირდით, რომელიც ერთ-ერთია ამ ორგანიზაციებიდან. ორგანიზაციის იურისტი, ნინო რიჟამაზე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მათი ორგანიზაციის წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტებში აკვირდებიან აქციის სამზადისს, თუმცა მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. აქვე იურისტი განმარტავს, რომ უფრო სრული ინფორმაცია ორგანიზაციის წარმომადგენლებს დღის ბოლოსთვის ექნებათ, რადგან ასე უცებ მთელი საქართველოდან მონაცემების თავმოყრა რთულია.

„ჩვენ დავიწყებთ აქციის მონიტორინგს მისი დაწყებისთანავე და აქციის მიმდინარეობასთან დაკავშირებითაც გვექნება ინფორმაცია. რაც შეეხება რეგიონებს, მოგეხსენებათ, 73 მუნიციპალიტეტიდან ინფორმაციის ასე უცებ მიღება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე კი დარღვევების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“, - ამბობს ნინო რიჟამაძე.

რაც შეეხება ნაციონალების მიერ ნათქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონებში ადამიანებს სამსახურში აკითხავენ და ეუბნებიან, რომ სამსახური არ უნდა გააცდინონ და აქციაზე არ უნდა წავიდნენ, იურისტი ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა სამსახურს თავისი შინაგანაწესი აქვს და ამ განაწესის მიხედვით, ზოგი სამსახურის გაცდენა არ შეიძლება. აქვე იგი დასძენს, რომ ადამიანის გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული უნდა იყოს და თუ სამსახურის გაცდენა არ შეიძლება და გარკვეულ პირს აქციაზე მისვლა სურს, მან ეს ან სამსახურის შემდეგ უნდა გააკეთოს, ან ე.წ. „day off”, ანუ დასვენების დღე გამოიყენოს ამისთვის.