ადელმა ოპერაცია გაიკეთა

ადელმა ოპერაცია გაიკეთა

ბრიტანულ მას-მედიაში ცოტა ხნის წინ ერთი ინფორმაცია გავრცელდა. პოპულარულ ინგლისელ სოულის სტილით მომღერალ ადელს, ექიმებმა რამდენიმე თვის განმავლობაში სიმღერა სასტიკად აუკრძალეს.

 

მიმდინარე წლის ზაფხულში 23 წლის მუსიკოსმა მწვავე ლარინგიტი გადაიტანა. ამ მიზეზის გამო აშშ-ში დაგეგმილი საკონცერტო ტურნეს გაუქმება მოუწია.

 

ექიმების მკაცრი ვერდიქტით, ადელს ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაეკეთებინა,  წინააღმდეგ შემთხვევაში მომღერლის კარიერაზე უარის თქმა მოუწევდა. ადელი ნიკოტინის აქტიური მომხმარებელი ყოფილა და ამ მავნე ჩვევამ მის საერთო ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა.

 

ორი დღის წინ ამერიკულმა მას-მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ მასაჩუსეტსის ცენტრალურ საავადმყოფოში ბრიტანელმა მომღერალმა ყელის ოპერაცია გაიკეთა.

 

ადელის მკურნალი ექიმის განცხადებით, ბრიტანელი მომღერალი ამჟამად თავს უკეთ გრძნობს. მას რამდენიმე თვის განმავლობაში სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს. ადელის პრეს მდივნის ცნობით ინგლისელი ქალბატონი საკონცერტო კარიერას 2012 წლის გაზაფხულზე გააგრძელებს. თავდაპირველად აშშ-ს ეწვევა და საგასტროლო ტურნეს გამართავს.

 

ადელი (ნამდვილი სახელი ადელ ედკინსი) 1988 წელს, ლონდონის ენფილდის რაიონში დაიბადა.

 

სადებიუტო ალბომი “19” 2008 წლის 28 იანვარს გამოუშვა. ამ დღიდან მომღერალმა უსაზღვრო პოპულარობას მიაღწია. ის დასახელდა სოულის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დიდ ბრიტანეთში. ინგლისელი მუსიკალური კრიტიკოსების აზრით, ადელი სახელოვანი ეტა ჯეიმსისა და დასტი სპრინგფილდის ტრადიციებს აგრძელებს.

 

დისკი “19” რამდენიმე კვირის განმავლობაში დიდი ბრიტანეთის მუსიკალური ალბომების ჰიტ-პარადებს უცვლელად ლიდერობდა, მოგვიანებით კი “გრემის” ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.

 

ადელის მეორე სტუდიური ჩანაწერი “21” გაყიდვაში მიმდინარე წელს გამოვიდა. ეს ნამუშევარი ბრიტანული ჰიტ-პარადების პირველი სამეულის უცვლელი წევრია.