თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასულიერო პირების დაშვება ოფიციალურად შესაძლებელი გახდება

თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასულიერო პირების დაშვება ოფიციალურად შესაძლებელი გახდება

საპატიმროებსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასულიერო პირების დაშვება ოფიციალურად შესაძლებელი გახდება. 

ამ საკითხის განხილვა სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის ფარგლებში მოხდება.

კომისიის შემადგენლობა შეიცვალა. მას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. სამუშაო ჯგუფად დაყოფილ სამთავრობო კომისიაში კი ჯგუფების რაოდენობა და სამუშაო მიმართულებები გაიზარდა. მათ შორის ერთ-ერთია "სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის განმსაზღვრელი სამუშაო ჯგუფი".

"ინტერპრესნიუსი" აღნიშნული სამუშაო ჯგუფის წევრს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) დაუკავშირდა.

მეუფის განცხადებით, სასულიერო პირებს საპატიმროებში შესვლაზე პრობლემები ადრეც არ ქონიათ, მაგრამ ამას შემდგომში ოფიციალური სახე მიეცემა.

"ეკლესიის მოთხოვნაა, რომ საპატიმროებში შედიოდნენ სასულიერო პირები. საპატიმროებსა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ყოველთვის დადიოდნენ და დღესაც დადიან სასულიერო პირები. ეს შეზღუდვა ჩვენ არ გვქონია, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს ოფიციალურად იყოს. ციხეზე იყოს ოფიციალურად მიმაგრებული სამღვდელოება", - დასძინა მეუფემ.