რაბათის კომპლექსის დირექტორი გოკა გაბაშვილის განცხადებას საფუძველს მოკლებულ როშვას უწოდებს

რაბათის კომპლექსის დირექტორი გოკა გაბაშვილის განცხადებას საფუძველს მოკლებულ როშვას უწოდებს

რაბათის კომპლექსის დირექტორი გუჯა ბიჭაშვილი დეპუტატ გოკა გაბაშვილის განცხადებას საფუძველს მოკლებულ როშვას უწოდებს.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის გუშინდელ განცახდებას იმის შესახებ, რომ სამცხე-ჯავახეთიდან ნაციონალების აქციაზე წამსვლელებს ხელს რაბათის კომპლექსის დირექტორი უშლის, გუჯა ბიჭაშვილი ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა.

რაბათის კომპლექსის დირექტორის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთში "ნაციონალურ მოძრაობას" ფაქტობრივად არანაირი დასაყრდენი აღარ აქვს და აქციაზე ძირითადად ის ადამიანები აპირებენ წასვლას, ვინც ვანო მერაბიშვილის ხელისბიჭები იყვნენ და ვანო მერაბიშვილი კვებავდა.

გუჯა ბიჭაშვილის განცხადებით, სირცხვილია ამგვარი ბრალდება, თითქოსდა რაბათის კომპლექსის დირექტორი ამ ადამიანებს ხელს უშლის.

"მე არც კი ვიკადრებდი, მივსულიყავი მათთან და დავლაპარაკებოდი. აქედან გამომდინარე, გოკა გაბაშვილი კარგად უნდა დაფიქრდეს ვიდრე რაიმე განცხადებას გააკეთებს", - ამბობს რაბათის კომპლექსის დირექტორი.

მისივე განცხადებით, სამცხე-ჯავახეთიდან ძალზე მცირე რაოდენობა დაესწრება დღევანდელ აქციაზე, რადგან ნაციონალებს ნაკლები მხარდაჭერები ჰყავთ.

ამ დროისთვის არსებული ინფრმაციით, დედაქალაქში დაანონსებულ აქციაზე ადიგენის რაიონიდან გაემგზავრნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები და რწმუნებულები.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განცხადება გააკეთა ახალციხის მკვიდრმა რობერტ მირანიანმა. მისი თქმით, სამცხე-ჯავახეთი მხოლოდ იმიტომ მოიაზრებოდა მერაბიშვილისა და სააკაშვილის დასაყდრენად, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ხდებოდა ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის დაშინება დაჭერით, მაღაზიების წართმევითა და მუქარის სხვადასხვა ფორმით.

"სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ ერთგვარად მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა", - აცხადებს მირანიანი.

მისივე თქმით, ახლა მოსახლეობაში შიშის ფაქტორი აღარ არის და ყველას თავისუფლად შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა, აქედან გამომდინარე, ეთნიკურად სომეხი ეროვნების მოქალაქეები ნაციონალების აქციაზე წასვლას არ აპირებენ.