ახალაია, თოფურიძე და ქარდავა საზღვართან არიან და ქვეყანაში ცალ-ცალკე შემოვლენ

ახალაია, თოფურიძე და ქარდავა საზღვართან არიან და ქვეყანაში ცალ-ცალკე შემოვლენ

ახალაია, თოფურიძე და ქარდავა საზღვართან არიან და ქვეყანაში ცალ-ცალკე შემოვლენ. ეს გადაწყვეტილება მათ წუხელ, გვიან ღამით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამართალდამცავებისა და ჟურნალისტების მობილიზაციის შემდეგ მიიღეს.

ექსკლუზიური ინფორმაცია “პრაიმერს”  დათა ახალაიას თანმხლებმა პირმა მიაწოდა, რომელმაც ამ ეტაპზე საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა.

წყარო ადასტურებს, რომ განცხადება,  რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა ნამდვილად დათა ახალაიას ეკუთვნის და, ასევე, სიტყვა-სიტყვით გადმოგვცა დათა ახალაიას მონაყოლი:

„ჩვენ ჩვენმა თანამებრძოლებმა გაგვწირეს და იმ დროს მიგვატოვეს,  როცა ძალიან გვჭირდებოდა მათი თანადგომა. ვანო მერაბიშვილს რომ ეგონა, გვხმარობდა,უკაცრავად გამოთქმისთვის, მაგრამ ეს მისი სიტყვებია,ახლა მთელი საქართველო დაინახავს,  ვინ ვის იხმარს.

ჩვენ ხელდამშვენებულები მოვდივართ. ვითანამშრომლებთ პროკურატურასთან არა იმიტომ, რომ შეგვიმსუბუქდეს სასჯელი, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანამ დაინახოს,  რა დამართა საქართველოს ვანო მერაბიშვილმა.

დედა მყავს ცუდად. არ მინდოდა მას გუშინ ტელევიზიით ენახა ჩემი დაკავების კადრები. საქართველოში დავბრუნდები და მადლობელი ვიქნები, თუ დედის ნახვის საშუალებას მომცემენ. ფარდას ავხდი შოკისმომგვრელ დანაშაულს

და არა ერთს. არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, კანონს, მაგრამ გაცილებით დიდი სასჯელი დამემუქრებოდა სასჯელის არშესრულების გამო“.

იგივე წყარომ „პრაიმერს“ განუცხადა, რომ მათ მიიღეს დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვანო მერაბიშვილი გლდანის ციხეში ბაჩო ახალაიას ლიკვიდაციას გეგმავს.

„პრაიმერი“ მიმართავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს სოზარ სუბარს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ბაჩო ახალაიას უსაფრთხოებისთვის.

იმავე წყარომ ჩვენ დაგვისახელა დათა ახალაის საქართველოში დაბრუნების სავარაუდო თარიღიც,  მაგრამ იმის გამო, რომ ამას არ მოჰყვეს ხელახალი აჟიოტაჟი, დაკონკრეტებისაგან თავს ვიკავებთ.