„ვანო მერაბიშვილმა „მშიშრები“ მის ყოფილ მოადგილეებსა და მასთან დაკავშირებულ სხვა პირებში მოიკითხოს“

„ვანო მერაბიშვილმა „მშიშრები“ მის ყოფილ მოადგილეებსა და მასთან დაკავშირებულ სხვა პირებში მოიკითხოს“

დათა ახალაია ვანო მერაბიშვილს მიმართავს, „მშიშრები“ მის ყოფილ მოადგილეებსა და მასთან დანაშაულებრივად დაკავშირებულ სხვა პირებში მოიკითხოს.

ამის შესახებ ახალაიას ადვოკატის ირაკლი ზაქარეიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩემდამი მონიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ 16 აპრილს „ფეისბუქით“ გავრცელებული განცხადება, რომელშიც დავით ახალაია ბრალს დებს ივანე მერაბიშვილს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ განხორციელებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებრივ ქმედებებში - ნამდვილად ეკუთვნის დავით ახალაიას.

აქვე ვალდებული ვარ, კატეგორიულად უარვყო და გავაქარწყლო ივანე მერაბიშვილის მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეული განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს, დავით ახალაია მოექცა ზეწოლის ქვეშ, ვერ გაუძლო წნეხს და ამის გამო უყენებს მას ბრალდებებს.

დავით ახალაია მიუთითებს და მოუწოდებს ივანე მერაბიშვილს, რომ „მშიშრები“ და ზეგავლენის ქვეშ მოქცევისაკენ მიდრეკილი პირები, მოიკითხოს როგორც მის ყოფილ მოადგილეებში, ასევე მასთან დანაშაულებრივად დაკავშირებულ სხვა პირებში.

ჩემის მხრივ კი, ჩემდამი მონიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, მივმართავ დაინტერესებულ პირებს, რომ დავით ახალაიასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია ამიერიდან დააზუსტოთ ჩემთან, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატთან“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.