ვიქტორ დოლიძე:

ვიქტორ დოლიძე: "ევროპის სახალხო პარტია" არის საქართველოს და არა რომელიმე პარტიის მეგობარი

სტრასბურგში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის , თედო ჯაფარიძის ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტი დასრულდა.

დეპუტატებმა შეხვედრები ევროპარლამენტში არსებული ყველა წამყვანი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან, კერძოდ, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტ იაცეკ პროტასევიჩთან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე კრისტიან ვიგენინთან და თავმჯდომარის მოადგილე იაცეკ სარიუშ-ვოლსკისთან, ასევე ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გუნარ ჰოკმარკთან, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელ მილან ცაბრნოხთან, ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტ სერ გრაჰამ ვატსონთან და სხვა პირებთან გამართეს.

ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ორმხრივმა შეხვედრებმა, რომელთა დიდი ნაწილი "ევროპის სახალხო პარტიის" წარმომადგენლებს დაეთმო, ცხადყო, რომ "ევროპის სახალხო პარტია" არის საქართველოს და არა რომელიმე პარტიის მეგობარი.

"ის დაინტერესებულია, რომ საქართველოს სახით ევროპას სტაბილური, საიმედო, პროგნოზირებადი პარტნიორი ჰყავდეს. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების რაც შეიძლება დროულად გაფორმებას. ამასთანავე აღინიშნა, რომ ზოგჯერ ევროპელი პარტნიორების მხრიდან წამოსული კრიტიკა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - საქართველო იყოს ევროპული ღირებულებების ერთგული ქვეყანა", - აღნიშნა დოლიძემ.

ქართველი პოლიტიკოსების განცხადებით, შეხვედრებმა ცხადყო, რომ ევროპელ კოლეგებთან საჭიროა ინფორმაციის რეგულარული გაცვლა.