"პრეზიდენტის თითოეულ სატელევიზიო გამოსვლას გრიფი "საიდუმლო" უნდა დაედოს"

ექსპერტ კახი კახიშვილის განცხადებით, "პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თითოეულ სატელევიზიო გამოსვლას გრიფი "საიდუმლო" უნდა დაედოს".

ამის შესახებ კახიშვილმა 16 აპრილს, ტელეკომპანია "რუსთავის" ეთერში პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას ისაუბრა.

"სააკაშვილის თითოეულ სატელევიზიო ეთერს გრიფი "საიდუმლო" უნდა დაედოს, რომ ბევრმა ადამიანმა არ მოისმინოს. პრეზიდენტმა ძალიან სახიფათო რაღაცეები თქვა. წარმოიდგინეთ, რა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ ის ადამიანები, ვინც ჩვენ ომის დროს გვერდით დაგვიდგა", - აღნიშნა კახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა "პოზიციაში" პრეზიდენტმა 2008 წლის ომის დროს აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"დამირეკა ბუშმა, როდესაც ჯარი მოდის უკვე თბილისისკენ და მეკითხება – აბა, როგორ ხარ, მიშა, არც ისე კარგად, ხომ? მე ვუთხარი: მე როგორ ვარ, ძვირფასო პრეზიდენტო, ამას უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მე შეიძლება, ხვალ აღარ ვიყო, მაგრამ თქვენ არ უნდა იყოთ კარგად, ასე მგონია, იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა მამათქვენის პრეზიდენტობის დროს და თქვენი პრეზიდენტობის დროს თბილისზე დაძრული ჯარი თუ შემოვიდა, საბჭოთა კავშირი აღდგება და თქვენ როგორ ჩაიწერებით ისტორიაში, ამაზე იფიქრეთ. რაზეც მითხრა, დამაცადეთ, თათბირი მაქვსო. დაძრეს მე-6 ფლოტი; სასმელი წყალი მართლა არ ყოფილა, რაც გამოაგზავნეს, სარაკეტო კრეისერი იყო; რუმინეთში ბაზაზე 26 ს16 გადმოფრინდა, თურქეთში ნატო-ს ბაზა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. მე ვფიქრობ, დაგვიანებული იყო, მაგრამ რუსეთს ნათლად უთხრეს, რომ წითელი ხაზი გავლებულია. ამ დროს თბილისში იყო აქცია. ახლა ვიღაცა იძახის, რომ ეს იყო ტაშ-ფანდურა. ჩემმა მტერმა იტაშფანდურა ისე, ამ აქციის მიზანი იყო, რომ მთელ მსოფლიოს ენახა, რომ დემოკრატიული სამყარო დგას ჩვენთან", - განაცხადა სააკაშვილმა.