სამხედრო პოლიციის თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

სამხედრო პოლიციის თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

სამხედრო პოლიციის თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის, სამხედრო პოლციის დეპარტამენტის მე-2 რეგიონალური სამმართველოს (სამეგრელო-ზემო სვანეთის) მე-2 განყოფილების უფროსმა ონისე ხუბულავამ, ამავე განყოფილების უფროსმა ინსპექტორებმა პაატა გვილიამ და მალხაზ მამფორიამ საჯარო ადგილას, ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ცეცხლასაროლი იარაღის გამოყენებით უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა. 

პროკურატურის განცხადებით, მათ გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას ძალადობით და იარაღის გამოყენებით, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.

"გამოძიებით გაირკვა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა აღნიშნულმა პირებმა, ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში მოქალაქეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და რამდენჯერმე უკანონოდ გაისროლეს. ხუბულავამ, გვილიამ და მამფორიამ ციხისძირის მკვიდრებს მიხეილ დიასამიძეს და ამირან დოლიძეს მოსთხოვეს ეჩვენებინათ ჯვარი, რაზეც უარი მიიღეს. გაღიზიანებულებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შეშინებული მოქალაქეები გაიქცნენ, რა დროსაც სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა პისტოლეტიდან რამოდენჯერმე გაისროლეს. ონისე ხუბულავამ ციხისძირის მკვიდრ მევლუდ დავითაძეს იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელს თან პირადობის მოწმობა არ ჰქონდა, შეურაცხყოფა მიაყენა და პისტოლეტის კონდახი ჩაარტყა თავში, ხოლო წაქცეულ დავითაძეს ცემა დაუწყო.

მოგვიანებით, ციხისძირის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პაატა გვილიამ, მალხაზ მამფორიამ და ონისე ხუბულავამ რამდენიმე ავტომანქანა გააჩერეს, მოითხოვეს საბუთები და გაჩხრიკეს ისინი, შეამოწმეს საბარგულები. მოქალაქეებს კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. უწოდეს მათ "თათრები" და ჯვრის ჩვენებას სთხოვდნენ. ხუბულავამ ერთ-ერთ მოქალაქეს კისერთან პისტოლეტი მიადო და შუბლის გახვრეტით დაემუქრა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციითვე, მალხაზ მამფორია და პაატა გვილია დაკავებულები არიან, ხოლო ონისე ხუბულავა თავს არიდებს გამოძიების ორგანოში გამოცხადებას და იმალება.
გამოძიება მიმდინარეობს ს.ს. კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით.