თბილისის მერია გიგი უგულავას პრაღაში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია გიგი უგულავას პრაღაში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია გიგი უგულავას პრაღაში ვიზიტთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. როგორც მერიაში განმარტავენ, ქართული დელეგაცია გიგი უგულავას ხელმძღვანელობით ჩეხეთის დედაქალაქში "თბილისის დღეებთან" დაკავშირებით მიემგზავრება, რომელიც 22-24 აპრილს გაიმართება. 

"აღნიშნულის შესახებ მედიასაშუალებებში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ცრუ ინტერპერტაცია მოჰყვა. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ თბილისის დელეგაციის ვიზიტი პრაღაში საერთაშორისო კულტურული ღონისძიების ნაწილია, იმართება ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, არ გააჩნია რაიმე პოლიტიკური დატვირთვა და არანაირად არ უკავშირდება 19 აპრილს დაგეგმილ აქციას.

"თბილისის დღეები" მიზნად ისახავს ჩვენი დედაქალაქის პოპულარიზაციას. დაგეგმილია მრავალი ღონისძიება, რათა ჩეხეთის მოქალაქეებმა უკეთ გაიცნონ თბილისი, მისი ისტორია და უნიკალური კულტურა", - აცხადებენ მერიაში.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გაიმართება ანსამბლ "ქართული ხმებისა" და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტები; "თითების თეატრის" ორი სპექტაკლი; მუნიციპალური მუზეუმების თემატური გამოფენა პრაღის მუნიციპალურ მუზეუმში და ძველი თბილისის რეაბილიტაციის ამსახველი ფოტო–გამოფენა, რომელსაც პრაღის მერია უმასპინძლებს.

ასევე, დაგეგმილია გიგი უგულავას შეხვედრა პრაღის მერ ბოგუსლავ სვობოდასთან. მხარეები ჩეხეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაცვლით პროგრამებზე ისაუბრებენ.

ქართული დელეგაცია თბილისში 25 აპრილს დაბრუნდება.