მიხეილ სააკაშვილი:   საქართველოს ბედი წყდება მათ შორის აქ, ჯავახეთში

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ბედი წყდება მათ შორის აქ, ჯავახეთში

საქართველოს ბედი წყდება მათ შორის აქ, ჯავახეთში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალქალაქში ყოფნისას განაცხადა. მისი თქმით, საუბარი, რომელიც ბოლო დროს წამოვიდა, რომ რაღაც ახალი დოკუმენტების რატიფიკაცია უნდა მოხდეს, ხელოვნურად გამიჯნავს ჯავახეთს საქართველოდან. 

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის მომხრეა რუსეთთან ურთიერთობის გახსნის, ვაჭრობის, კულტურული ურთიერთობების, მაგრამ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის თემებზე თამაში რუსეთთან მიმართებაში, ასეთი ორაზროვნება ევროპასთან, შემდგომში წარმოუდგენელ პრობლემას შექმნის თუ ეს დროზე არ შეჩერდა.

"მთელი გული ჩავდე ამ რეგიონის განვითარებაში, ამ რეგიონის შემომტკიცებაში და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოუყოლელი ნაწილი საქართველოს ბოლო ათწლეულის ისტორიაში, რა მოხდა აქ, როგორ გავაკეთეთ ეს, ჩუმად, ყოველგვარი ხმაურის, რეკლამისა და ე.წ. პიარის გარეშე", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა შეიძლება ყველაფერი ეს ჩაიყაროს წყალში, თუ საქართველომ არ შეინარჩუნა სუვერენიტეტი, ევროპისკენ სვლა, თუ საქართველო უთავმოყვარეობისა და უღირსობის რელსებზე გადავიდა.

"ამ ჩამოსვლაზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პერსპექტივა ძალიან დიდია. ეს ხალხი მართლაც ჩვენი ხალხია და ამ ხალხს ყველანაირად უნდა დავეხმაროთ, მაგრამ ნუ ვაფათურებინებთ აქ სხვებს ხელებს, იმიტომ, რომ ამის პოტენციალი ჯერ კიდევ არსებობს, სანამ მე რამე მეკითხება როგორც პრეზიდენტს, ეს არ მოხდება, მაგრამ ეს ტენდენციები ყველამ ერთად უნდა გავაჩეროთ, რადგან საქართველოს ბედი, მათ შორის წყდება აქ – ჯავახეთში", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.