რუსთავის თვითმმართველობის რამდენიმე თანამშრომლის განცხადებით, მათ 19 აპრილის მიტინგზე მისვლას სთხოვენ

რუსთავის თვითმმართველობის რამდენიმე თანამშრომლის განცხადებით, მათ 19 აპრილის მიტინგზე მისვლას სთხოვენ

რუსთავის მერიის ორი სამსახურისა და საკრებულოს აპარატის 14–მა თანამშრომელმა დღეს, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე განცხადება რუსთავის თვითმმართველობის ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის უფრომა ხათუნა მიშველაძემ გააკეთა. მისი თქმით, საკრებულოს აპარატის უფროსი და ერთ–ერთი ვიცე–მერი თანამშრომლებს 19 აპრილს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ მიტინგზე მისვლას სთხოვენ.

"ჩვენ გამოვხატავთ პროტესტს და ვემიჯნებით "ნაციონალური მოძრაობის" მიტინგს, რომელიც ჩატარდება 19 აპრილს, რუსთაველის გამზირზე. რიგი ხელმძღვანელი პირების მხრიდან იყო თხოვნა, არ ყოფილა მოთხოვნა, მაგრამ იყო თხოვნა, რომ წავსულიყავით აქციაზე 19 აპრილს. სამსახურების უფროსებს თხოვნით მოგვმართა რუსთავის ვიცე–მერმა და აპარატის უფროსმა", – აღნიშნა ხათუნა მიშველაძემ.

რუსთავის საკრებულოს აპარატიის უფროსი მაია დოლიძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საკრებულოს აპარატის მხრიდან არანაირი ზეწოლა ან მოთხოვნა 19 აპრილის მიტინგზე წასვლის თაობაზე არ ყოფილა და ამას აპარატის სხვა დანარჩენი 50 თანამშრომელიც დაადასტურებს.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ადამიანები არიან საჯარო მოხელეები. ისინი დილის 09.00 საათიდან იქნებიან სამსახურში და 18.00 საათის შემდეგ მე მათ ვერ გავაკონტროლებ, სად წავლენ. მე პირადად 18.00 საათამდე ვიქნები სამსახურში და 18.00 საათის შემდეგ შევუერთდები ჩემი გუნდის წევრებს", – აღნიშნა მაია დოლიძემ.

რუსთავის მერი ლაშა მინდელი აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პირადად ჩაატარებს შიდა მოკვლევას და თუ მსგავსი ფაქტი დადასტურდება, ის თანამდებობის პირები, რომლებიც სთხოვდნენ თანამშრომლებს 19 აპრილის აქციაზე მისვლას, აუცილებლად დაისჯებიან, წინააღმდეგ შემთვევაში დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც ცილისწამებას ეწევიან.

"ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ამას აპირებდნენ. სანამ მე ვარ აქ ქალაქის მერი და დიდხანს ვაპირებ ყოფნას, უკანონობა ამ შენობაში დაშვებული არ იქნება არასოდეს და არავისთან მიმართებაში. დაისჯებიან ის პირები, თუ ასეთები არსებობენ, და მე ვიცი, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა და არანაირი თხოვნა არ ყოფილა 19 აპრილის აქციაზე წასვლასთან დაკავშირებით. თუ არა და, დაისჯებიან ისინი, ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს", – აღნიშნა ლაშა მინდელმა.