იმერლიშვილის თქმით, კომპანიაში, რომელიც ტენდერში მონაწილეობას გეგმავს, მისი მეუღლე მხოლოდ მენეჯერია

იმერლიშვილის თქმით, კომპანიაში, რომელიც ტენდერში მონაწილეობას გეგმავს, მისი მეუღლე მხოლოდ მენეჯერია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილის განცხადებით, კომპანიაში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას გეგმავს, მისი მეუღლე მხოლოდ მენეჯერია.

ამის შესახებ იმერლიშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირინა იმერლიშვილის მეუღლის შალვა გოგოშვილის კომპანიამ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

"ეს მათთვის ჩვეული ხერხია, თუმცა იმ საბუთებს, რომელიც მე წარმოვადგინე, წინ არაფერი არ დაუდგება. ეს არ არის ჭორები, ეს არაა პოლიტიკური განცხადებები, ესაა კონკრეტული ფაქტები. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს ტენდერს, ის ჯერ გამოცხადებული არაა, მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ მოიგებს, იმიტომ, რომ ფირმა, რომელშიც ჩემი მეუღლე მხოლოდ მენეჯერია და სამწუხაროდ, არა - მფლობელი, ნამდვილად მონაწილეობს ტენდერში, კარგია თუ გაიმარჯვებს, მაგრამ ჯერჯერობით, ეს ასე არაა. ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ არის და არც ასეთი პირი უჩანს, მაგრამ მე მინდა, ცნობისთვის, გიორგი კანდელაკს განვუმარტო, რომ ჩემი მეუღლე საკმაოდ კარგი მენეჯერია. ის შემოსავლების სამსახურში აქციზური სამსახურის ხელმძღვანელი იყო მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი იყო მინისტრი და როდესაც დაფუძნდა ეს სამსახური, მან წაიყვანა; შემდეგ კი, როცა სააკაშვილი გახდა საკრებულოს თავმჯდომარე, ჩემი მეუღლე თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად წაიყვანა და იყო მისი პროტეჟე", - განაცხადა იმერლიშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირინა იმერლიშვილის მეუღლის შალვა გოგოშვილის კომპანიამ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

ამის შესახებ კანდელაკმა დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"როცა საუბარია ელიტურ კორუფციაზე, მაშინ არ უნდა დაგვავიწყდეს, ერთი კონკრეტული ფაქტის შესახებ. ირინა იმერლიშვილის მეუღლე შალვა გოგოშვილი 5 აპრილს გახდა შპს "ფუდლაინჯორჯიას" დირექტორი, რომელმაც 15 აპრილს გაიმარჯვა თავდაცვის სამინისტროს მიერ გამართულ ტენდერში. აღნიშნული შპს თავდაცვის სამინისტროს საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფს თბილისში. ტენდერის ღირებულება შეადგენს 32 მილიონ ლარს. არსებობს ინფორმაცია, რომ იგივე კომპანია ცდილობს, კახეთის ლოტზე გამარჯვებული კომპანია გვერდზე გაწიოს და კონტრაქტი თავად მოიპოვოს. თუ საუბარია ელიტურ კორუფციაზე, სწორედ ეს არის ელიტური კორუფციის შემცველი მნიშვნელოვანი ფაქტი და ამ ფაქტს პასუხი უნდა გასცეს ხელისუფლებამ", - განაცხადა კანდელაკმა.