ვანო მერაბიშვილი მარიკა ვერულაშვილის განცხადების გამო სინანულს გამოთქვამს

ვანო მერაბიშვილი მარიკა ვერულაშვილის განცხადების გამო სინანულს გამოთქვამს

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დეპუტატ მარიკა ვერულაშვილის განცხადების გამო სინანულს გამოთქვამს.

ამის შესახებ მერაბიშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე დეპუტატ მარიკა ვერუალშვილის მიერ მისი მისამართით დღეს გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

"სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ჩვენმა და პირადად, ჩემმა მეგობარმა ვერ გაუძლო ზეწოლას, შანტაჟს და მე მხოლოდ სინანული შეიძლება, ამის შესახებ გამოვთქვა, მაგრამ მე ვთვლი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ძირითადი ბირთვი, არის მტკიცე, ისინი მათ უმრავლესობას ვერ შეაშინებენ, ვერ დათრგუნავენ, ეს კიდევ ერთი გაკვეთილია ჩვენთვის და სხვათა შორის ჩვენ და პირადად მე ძალიან ბევრის სწავლა მომიწია და ჩემთვისაც ეს იქნება ერთ-ერთი დიდი გაკვეთილი; მე ვაპირებ, რომ ვისწავლო ჩემს შეცდომებზე, რასაც არ აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება. მე მზად ვარ, პასუხი ვაგო ყველაფერზე, რაც კი გამიკეთებია. მე შეიძლება მძიმედ, მაგრამ გადავიტან ყველა ასეთ გამოხტომას, რადგან მამოძრავებს მთავარი პრინციპი - მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ვაპირებ დავრჩე ამ ქვეყანაში და რაც არ უნდა იყოს და ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, რა ზეწოლაც არ უნდა ხორციელდებოდეს, ვაპირებ ჩემი ქვეყნის, ჩემი ოჯახის, ჩემი მეგობრების მომავლისათვის ვიბრძოლო", - განაცხადა მერაბიშვილმა.