"ნაცმოძრაობის" ყოფილი წარმომადგენლების განცხადებები მერაბიშვილის გალიდერების წინააღმდეგ არის მიმართული"

ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები პარტიის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის გალიდერების წინააღმდეგ არის მიმართული.

ამის შესახებ არეშიძემ "პრაიმ ტაიმის" პრეს-კლუბში მარიკა ვერულაშვილის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ველურაშვილის განცხადებები, ისევე როგორც დათა ახალაიას წერილი, 19 აპრილის აქციისთვის არის გამიზნული და ეს მერაბიშვილის წინააღმდეგ მიმართული პროცესის ნაწილია.

"19 აპრილი არ არის სააკაშვილის დღე, ეს არის ვანო მერაბიშვილის დღე. ამ დღეს უნდა განისაზღვროს, ვინ არის პარტიის ლიდერი. სააკაშვილი კონსტიტუციურად წამსვლელი ფიგურაა, პარტიას კი ლიდერი სჭირდება, როდესაც პარტიაში არსებობს ძლიერი ვერტიკალი, ძლიერი ლიდერი, საკმარისია ის დასუსტდეს, მეორე პლანის ლიდერები ლიდერობისთვის ბრძოლას იწყებენ. ეს ბუნებრივი პროცესია, გარკვეული დაპირისპირება "ნაციონალების" ლიდერებს შორის სხვადასხვა დონეზე ადრეც ხდებოდა, 19 აპრილის კონტექსტში კი დაძაბულობის ხარისხი გაიზარდა. ამ დღეს უნდა მოხდეს ახალი ლიდერის ხელდასხმა, რის წინააღმდეგაც ეს ჯგუფი წავიდა", - განაცხადა არეშიძემ და დასძინა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" უკვე არა ორ, არამედ სამ ჯგუფს შორის დაპირისპირება გამოიკვეთა, მესამე კი თავისუფლების ინსტიტუტია.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ამ ტიპის განცხადებები უახლოეს დღეებში სხვებისგანაც გაკეთდეს.