"ძირითადი საკითხი, რაც დემოკრატიულ სამყაროს აინტერესებს ისაა, თუ როგორ მიდის კოჰაბიტაციის პროცესი საქართველოში"

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებით, ძირითადი საკითხი, რაც დემოკრატიულ სამყაროს აინტერესებს ისაა, თუ როგორ მიდის კოჰაბიტაციის პროცესი საქართველოში.

როგორც ვერშბოუმ ნატო-ს შტაბ-ბინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრისას აღნიშნა, ალიანსის წევრებისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს ივნისის ბოლოს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დაგეგმილ ვიზიტს, რადგან მათ ეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების სწორად შეფასების სრულ შესაძლებლობას მისცემს.

როგორც ვერშბოუმ აღნიშნა, ძირითადი საკითხები, რაც დემოკრატიულ სამყაროს აინტერესებს, ესაა, როგორ მიმდინარეობს კოჰაბიტაციის პროცესი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ; რამდენად არის სამართლის უზენაესობა დაცული და რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობს სამართლიანობის აღდგენის პროცესი და ზოგადად, ყველა ის საკითხი, რომელიც მართლმსაჯულებას და ამ სისტემაში დაწყებული რეფორმის განხორციელებას უკავშირდება.

"ჩვენ ვენდობით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას. თქვენმა იუსტიციის მინისტრმა ჩვენზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. თეა წულუკიანს ჰქონდა საინტერესო და ამომწურავი პრეზენტაცია, იმასთან დაკავშირებით, რას აპირებს ქვეყანა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ.