პრეზიდენტი მზად არის, აგვისტოს ომის თაობაზე პარლამენტში მივიდეს

პრეზიდენტი მზად არის, აგვისტოს ომის თაობაზე პარლამენტში მივიდეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, აგვისტოს ომის თაობაზე პარლამენტში მივიდეს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.

"თუ შეიქმნება საპარლამენტო კომისია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე და კითხვებს პასუხები გავცე. საპარლამენტო პროცესი არის სხვა პროცესი. ამას არ ვეწინააღმდეგი", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, სამართლებრივი მხარე ამ საკითხთან დაკავშირებით სულ სხვაა. "მოდით ახლა ვთქვათ, თუ რა არის ძირითადი ნორმები ომთან დაკავშირებით. რა შეიძლება გამოიძიოს: მუხლი 404 - აგრესიული ომის მომზადება ან წარმოება, მუხლი 405 - მოწოდება აგრესიული ომის გაჩაღებისკენ, მუხლი 406 - მასობრივი განადგურების იარაღის დამზადება, მუხლი 407 - გენოციდი, რუსები რასაც ამბობდნენ, დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, ეკოციდი. აი, ეს არის ძირითადი მუხლები. როგორც კი იქნება ახალი ამბავი საერთაშორისო პრესაში, პირველი ახალი ამბავი უკვე გავრცელდა. ლიტველებს არ სჯერათ, რომ თქვენმა მთავრობამ თქვა, თქვენ პირველებმა გაისროლეთო. მე მოვისმინე, რომ სააკაშვილს ელის მილოშევიჩის ბედი. უნდა გვესმოდეს, საქართველოს რა მოუვა ამით. დამიძახეთ ჩაუშესკო, კადაფი დამიძახეთ, ჯანდაბას, მაგრამ როცა მილოშევიჩს იძახი, მილოშევიჩი არის კონკრეტული სცენარი, მილოშევიჩის შემდეგ მოხდა იუგოსლავიის ფედერაციის და მათ შორის სერბეთის კავშირის საბოლოო დაქუცმაცება და ეს პროცესი დასრულებული არ არის. მილოშევიჩის შემდეგ კოსოვო აღიარა მთელმა მსოფლიომ და ეს პროცესი, სამწუხაროდ, სერბეთისთვის დასრულერბულია. ხვალ, რომ გეტყვიან, შენ თვითონ არ აღიარე, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა გენოციდი, ეკოციდი, სამხედრო დანაშაული, დაივიწყე აფხაზეთი, ცხინვალი", - აღნიშნა სააკაშვილმა.