ჯილეხსა და თურქულს ვეტერინარები ყურადღებას არ აქცევენ

ჯილეხსა და თურქულს ვეტერინარები ყურადღებას არ აქცევენ

შიდა ქართლი - თურქული, კახეთში - თურქული და ჯილეხიც.  ვეტერინარები რატომღაც მშვიდად არიან. ამასობაში კი საქაონელი იხოცება, ადამიანები კი ავადდებიან.

 

კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში ბოლო ერთი კვირაა, პირუტყვი მასობრივად იხოცება. ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან შეფიქრიანებულია, მაგრამ გამოსავალს ვერ პოულობს.

 

სოფლის მკვიდრის, ნათელა ხიზანიშვილის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ათობით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაიხოცა. “პირუტყვს მაღალი სიცხე აქვს, ვერ დადის და ვარდება.  შესაბამის წამალს ვერ მივაკვლიეთ. სოფელში ვეტექიმიც არ არის.  მოსახლეობის ნაწილი დაავადებულ პირუტყვს კლავს, ნაწილი კი იხოცება”, - განაცხადა ხიზანიშვილმა.

 

სოფლის მოსახლეობა ვარაუდობს, რომ პირუტყვს დაავადება თურქული აქვს. როგორც მათ აღნიშნეს, დაავადების ადამიანებზე გადადების შემთხვევა ჯერ არ ყოფილა. თუმცა, ადგილობრივები შეშფოთებულნი არიან და შესაბამის სამსახურებს დახმარებას სთხოვენ.

 

თურქულის დაავადება მხოლოდ შიდა ქართლის პრობლემა არ არის.  კახეთშიც უამრავი საქონელია ამ სენით დაავადებული. უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურჯაანის რაიონის სოფლებში თურქულით საქონელი იხოცება. კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზეგაანიდან და ახაშნიდან დაზარალებულმა გლეხებმა განუცხადეს, რომ დახმარებისთვის ვეტერინარიის ადგილობრივ სამსახურს მრავალგზის მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.

 

ვეტერინარიის გურჯაანის სამმართველოს უფროსი ავთანდილ ზარდიაშვილი რაიონში თურქულის გავრცელებას არ ადასტურებს. “ოფიციალურად არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული, თუმცა საშიშროების არსებობის გამო მუკუზანში საქონელი აიცრა. ვაქცინა 700 დოზა იყო და სულ გაიხარჯა, შემიძლია აქტებით დაგიმტკიცოთ”, - განაცხადა ზარდიაშვილმა.

 

სპეციალისტების თქმით, თურქულით ყველა ჩლიქოსანი ცხოველი, - ძროხა, ღორი, ცხვარი, თხა, ირემი და (შედარებით ნაკლებად კამეჩი) ავადდება. თურქული თავს იჩენს წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ მის აფეთქებას უპირატესად ადგილი აქვს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. თურქულის ამთვისებელია ადამიანიც, განსაკუთრებით – ბავშვი.

 

თუკი გურჯაანსა და კასპის რაიონებში თურქული პირუტყვს ემართება, ლაგოდეხში ჯილეხის შემთხვევებია და თანაც უკვე ამ სენით ადამიანებიც ავადდებიან. ლაგოდეხის რაიონში 49 წლის ზურაბ ნ-ძე ჯილეხით დაავადა. პაციენტი ამჟამად თბილისში ინფექციური პათოლოგიის ცენტრშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

 

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ეს ჯილეხის მე-19 შემთხვევაა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, შოთა ცანავას განცხადებით, კონკრეტულ შემთხვევაში 49 წლის მამაკაცი საქონლის დაკვლისა და გატყავების დროს დაავადდა.

 

აქედან გამომდინარე, თუკი ლაგოდეხში ადამიანები საქონლთან კონტაქტის დროს ჯილეხით ავადებიან, ძნელი სავარაუდო არ არის, რომ ამ რაიონში თავად შინაური პირუტყვიც დასნებოვნებულია. ესე იგი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის მეტად საშიში დაავადება - ჯილეხი - ლაგოდეხში უკვე გავრცელებული ყოფილა.

 

ჯილეხი, ანუ ციმბირის წყლული საკმაოდ საშიში დაავადებაა და ადამიანი ძირითადად საქონლის დაკვლის, გატყავების, ხორცის დაფასოების ან ნიადაგთან კავშირის დროს ავადდება. ჯილეხის ჩხირები ნიადაგში ათწლეულების განმავლობაში ცოცხლობენ, მაგრამ განსაკუთრებით საშიში გვალვიანობის დროს არის, როდესაც საქონელი დაბალი ბალახის გამო, პირით მიწას ხშირად ეხება და მალევე ავადდება.