გიორგი მარგველაშვილმა სამინისტროს საქმიანობის ხუთი თვე შეაჯამა

გიორგი მარგველაშვილმა სამინისტროს საქმიანობის ხუთი თვე შეაჯამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სამინისტროს საქმიანობის ხუთი თვე შეაჯამა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა , უმნიშვნელოვანესია, რომ სამინისტრომ 2013-2014 სასწავლო წლებისთვის 2084 საჯარო სკოლის 650 ათასი მოსწავლის უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა შეძლო. "სკოლის ხელმისაწვდომობის პროექტის ფარგლებში მოვახერხეთ ისიც, რომ ბავშვებს, რომლებიც სკოლამდე მისასვლელად ფეხით კილომეტრებს გადიოდნენ, დავუნიშნეთ ტრანსპორტი და 16 ათასი ბავშვი ამ სერვისით სარგებლობს. 2012 წლის ბოლოს მასწავლებლებს ე.წ მე-13 ხელფასის სახით 100 ლარიანი დანამატი მივეცით, 2013 წელს კი მასწავლებლების ხელფასი 60-დან 200 ლარამდე გავზარდეთ", - განაცხადა მარგველაშვილმა. 

მინისტრის ინფორმაციით, 2013 წელს 600-მდე სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. რემონტის ფარგლებში 60 სკოლის გაზიფიცირებაც იგეგმება, ხოლო იქ, სადაც საჭიროა, სამინისტრო სკოლებსაც ააშენებს.

"მიმდინარე წელს უმაღლეს სასწავლებლებში 15-მდე ახალი პროგრამა იქნება და მათზე უფასო სწავლება განხორციელდება. გავზარდეთ გრანტის მოცულობა და დაფინანსების ოდენობა სხვადასხვა მიმართულებით. გრანტი გაორმაგდა და 22 მლნ ლარი გახდა, გაორმაგდა სოციალურად დაუცველთა დაფინანსება და სახელმწიფო სტიპენდიების პროგრამა. კახეთში მომხდარი სტიქიის გამო 4,5 მილიონი ლარით დავეხმარეთ სწავლის დაფინანსებაში კახეთიდან მყოფ სტუდენტებს. წელსვე, დაგეგმილია პროფესიული სასწავლებლების რეაბილიტაცია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ამ სამუშაო გეგმის მანდატი პრემიერ-მინისტრისგან მიიღო. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ ხარისხზე ზრუნვა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა დაიწყოს, ყველას უნდა მიეცეს "ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოსვლისა და ამოსუნთქვის" საშუალება.

"მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გავაძლიეროთ ხარისხი და უზრუნველვყოთ სისტემის გამართული მუშაობა", - აღნიშნა განათლების მინისტრმა.