აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი ტრეფიკინგის ფაქტის გახსნას თანამშრომლობის კიდევ ერთ მაგალითად მიიჩნევს

აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი ტრეფიკინგის ფაქტის გახსნას თანამშრომლობის კიდევ ერთ მაგალითად მიიჩნევს

აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერი მეთიუ სოლიერი სამართალდამცველების მიერ ტრეფიკინგის ფაქტის გახსნას საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთ გამოვლინებად აფასებს.

როგორც მან დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 8 აპრილს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა უსაფრთხოების სამსახურის, ასევე ისრაელის, ავსტრალიისა და შვეიცარიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული კოორდინირებული ღონისძიების შედეგად, რომელიც საქართველოსა და ისრაელში განხორციელდა, დაკავებულ იქნენ ბავშვთა ექსპლუატაციასა და პორნოგრაფიის გავრცელებაში ჩართული პირები.

მისივე თქმით, გამოძიების პირველივე ეტაპიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტი და საქართველოს ინტერპოლის ბიურო მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან და სამი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან.

"ეს არის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინება და მაგალითი საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა. ამერიკის და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ნაყოფიერად აგრძელებენ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ", - აღნიშნა მეთიუ სოლიერმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტი გახსნა. როგორც უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 11 წლის მცირეწლოვან გოგონას, საკუთარი დედა ორი წლის განმავლობაში აიძულებდა მონაწილეობა მიეღო პორნოგრაფიული სურათებისა და ვიდეოების გადაღებაში. მცირეწლოვანის პრონოგრაფიულ მასალებს კი ეს უკანასკნელი მატერიალური გამორჩენის მიზნით გარკვეული თანხის სანაცვლოდ ყიდდა ქართული წარმოშობის ისრაელის მოქალაქე მამაკაცზე.

მსხვერპლის დედა 45 წლის საქართველოს მოქალაქე მიმდინარე წლის 8 აპრილს საქართველოში დააკავეს, ხოლო ისრაელში წარსულში ყაჩაღობისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევისათვის ნასამართლევი 42 წლის ისრაელის მოქალაქე მამაკაცი. არასრულწლოვნის დაკავებული დედა მოთავსებულია თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში და მის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 153-ე მუხლით, რაც გულისხმობს არასრულწოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგი). აღნიშნული დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

დაზარალებული 11 წლის გოგონა გადაყვანიალია ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თავშესაფარში. ამჟამად მას რესოციალიზაციის მიზნით გამოცდილი ფსიქოლოგების მიერ სარეაბილატიცო კურსი უტარდება.