ირაკლი ალასანია გიგი კალანდაძესთან საუბრის დეტალებს იხსენებს

ირაკლი ალასანია გიგი კალანდაძესთან საუბრის დეტალებს იხსენებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსთან გიგი კალანდაძესთან საუბრის დეტალებს იხსენებს. როგორც ალასანიამ ტელეკომპანია "მეცხრე არხის" გადაცემა "მთავარ კითხვაში" სტუმრობისას განაცხადა, გიგი კალანდაძის მიმართ გარკვეული სიმპატია გაუჩნდა და არ სურდა, დაჩაგრულიყო. ალასანიას თქმით, გული დაწყდა, რომ კალანდაძემ მოიტყუა.

"კალანდაძის მიმართ რაღაც გარკვეული სიმპატია მართლაც გამიჩნდა, არ მინდოდა დაჩაგრულიყო და ერთადერთი ვუთხარი, რომ თუ შენ მართალი ხარ და ეს დანაშაულები არ ჩაგიდენია, რაზეც ყველა საუბრობს, მე დაგიცავ და სისტემა დაგიცავს ყველანაირად, გვერდში დაგიდგებით, მაგრამ შენ უნდა ითანამშრომლო ბუნებრივია გამოძიებასთან. ეს იყო ერთადერთი, რაც მე რეალურად მას ვუთხარი. სხვა საუბარი არ მქონია, არც მჭირდებოდა მასთან სხვა საუბარი. ჩემს ბუნებაშიც არ ზის, ხელების გადაგრეხვით ვესაუბრო ვიღაცას", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, საზოგადოება გაღიზიანებულია და მოქალაქეების შეკვეთაა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სამართლიანობის აღდგენა, თუმცა ალასანია საზოგადოებას მოთმინებისკენ მოუწოდებს.
"მე ვთხოვ ყველას, რომ მოთმინებით იყოს. ჩვენ თუ უსამართლო გზით, სულსწრაფობით დავიწყეთ სამართლოანობის აღდგენა, ნამდვილად საბოლოო ჯამში მივალთ იმავე შედეგამდე, სადაც მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები", - აღნიშნა ალასანიამ.

გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გიორგი კალანდაძემ 5 აპრილს, გადაცემა "პოზიციაში" დაადასტურა, რომ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვა. როგორც კალანდაძემ საუბრისას განაცხადა, ეს პირველად მის დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა.

"ირაკლი ალასანიას ფიცი მწამს, მაგრამ ბოლო მაკვირვებს. სამწუხაროდ, ვიდრე იმ ოთახში შევიდოდით, სადაც სიურპრიზი დამახვედრეს, ირაკლი ალასანიამ პირდაპირ მითხრა "მეთანამშრომლა" გამოძიებასთან, რაზეც ასევე პირდაპირ ვუთხარი, რომ მე ვითანამშრომლებ და თუ რამე შეკითხვა გექნებათ, პასუხს გაგცემთთქო. მაშინ მისი ნათქვამი პირდაპირ გავიგე და ვერ წარმოვიდგინე, თუ რამეს მაკადრებდნენ. ეს იყო საუბარი ჩემსა და ირაკლი ალასანიას შორის იქამდე, ვიდრე იმ ოთახში შევიდოდი, სადაც ქალბატონი წულუკიანი, კბილაშვილი, რამდენიმე გამომძიებელი და ასევე სამხედრო ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები მელოდებოდნენ", - აღნიშნა კალანდაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე - რამდენად ნიშნავდა ალასანიას მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობის წინადად

ება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა განაცხადა, რომ "ეს სწორედ ამას ნიშნავდა, რის შემდეგაც მას ბრალდებულის სტატუსი მოეხსნებოდა".