ირაკლი ალასანია: „ღია ეთერში ვიტყვი, რაც კალანდაძეს ვუთხარი“

ირაკლი ალასანია: „ღია ეთერში ვიტყვი, რაც კალანდაძეს ვუთხარი“

თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ეკა ბერიძის „მთავარ კითხვა“-ში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების, ბაჩო ახალაიასა და გიგი კალანდაძის სასამრთლო პროცესის ირგვლივ განხორციელებულ პროცესებს პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა.

ალასანია სინანულით აღნიშნავს, რომ „ადამიანები საკუთარ წარსულში არ ძებენ შეცდომებს“.

თავდაცვის მინისტრის თქმით, „ამ პატარა ბიჭის“ (იგულისხმება გიგი კალანდაძე) მიმართ გარკვეული სიმპათიაც კი გაუჩნდა, რადგან არ სურდა დაჩაგრულიყო.

„გული დამწყდა, რომ მოიტყუა და ღია ეთერში ვიტყვი, რაც მას ვუთხარი: „თუ შენ მართალი ხარ და ის დანაშაულებები არ ჩაგიდენია, რაზეც ყველა საუბრობს, მე და სისტემა დაგიცავთ და ყველანაირად გვერდში დაგიდგებით, მაგრამ შენ უნდა ითანამშრომლო  გამოძიებასთან“, -  მე სხვა საუბარი არც მჭირდებოდა, ჩემს ბუნებაშიც არ ზის, რომ ვიღაცას ხელების გადაგრეხვით ვესაუბრო“, - განაცხადა ალასანიამ. 

შეგახსენებთ, გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ 5 აპრილს განაცხადა:

„ვიდრე იმ ოთახში შევიდოდით, სადაც სიურპრიზი დამხვდა, ირაკლი ალასანიამ პირდაპირ მირჩია, მეთანამშრომლა გამოძიებასთან, რაზეც უარი არ მითქვამს. მაშინ მისი ნათქვამი პირდაპირ გავიგე და ვერ წარმოვიდგინე, თუ რამეს მაკადრებდნენ. ეს საუბარი, ჩემსა და ირაკლი ალასანიას შორის მოხდა იქამდე, ვიდრე იმ ოთახში შევიდოდი, სადაც ქალბატონი თეა წულუკიანი, კბილაშვილი, რამდენიმე გამომძიებელი და სამხედრო ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები მელოდებოდნენ“.

კალანდაძის თქმით, ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემით მას ბრალდებულის სტატუსი მოეხსნებოდა.