დავით უსუფაშვილმა პოლონეთში ახალი ხელისუფლების საგარეო ხედვებზე ისაუბრა

დავით უსუფაშვილმა პოლონეთში ახალი ხელისუფლების საგარეო ხედვებზე ისაუბრა

საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებზე და ახალი ხელისუფლების საგარეო ხედვებზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს, პოლონეთის აღმოსავლეთის სწავლებათა ცენტრში გამართულ შეხვდრაზე. პოლონელი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები დაინტერესდნენ, თუ როგორ შეიცვალა პოლიტიკური ორიენტირები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და თუ როგორ მიმდინარეობს კოჰაბიტაციის პროცესი ორ პოლიტიკურ გუნდს შორის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პოლიტიკური ალიანსის "ქართული ოცნების" ლიდერთა უმრავლესობა აქტიურად იყო ჩართული თავის დროზე "ვარდების რევოლუციის" ორგანიზებაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ევროპისკენ იყურებიან და ევროატლანტიკური ალიანსი მათთვის პრიორიტეტია.

უსუფაშვილმა პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი წლების წინ "ვარდების რევოლუციიის" ხელისუფლებას აქტიურად უჭერდა მხარს როგორც იდეურად, ასევე ფინანსურადაც, რათა მაშინდელი ხელისუფლების ხალხისადმი მიცემული დაპირებები შესრულებულიყო.

შეხვედრაზე კითხვები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზეც დაისვა, რომლის შესახებ აღინიშნა, რომ ქართული მხარე მზადაა ითანამშრომლოს ახალ, მოდერნიზებულ რუსეთთან, სადაც თავისუფალი მოქალაქე და დემოკრატიული ქვეყანა იქნება მთავარი ამოსავალი.

დელეგაციის წევრებმა, თედო ჯაფარიძემ და გიორგი ვოლსკიმ კონფლიქტური რეგიონების და მათი მოგვარების საკითხებზე ისაუბრეს და ჰაიდი ტალიავინის დასკვნაზე გაკეთებულ შეკითხვებს უპასუხეს.