ოთარ აბესაძე:  სასკოლო სახელმძღვანელოებით უფასოდ მომარაგება სახელმწიფოს 12 მილიონი ლარი დაუჯდება

ოთარ აბესაძე: სასკოლო სახელმძღვანელოებით უფასოდ მომარაგება სახელმწიფოს 12 მილიონი ლარი დაუჯდება

განათლების სამინისტროს მტკიცებით, საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უფასოდ მომარაგება სახელმწიფოს 12 მილიონი ლარი დაუჯდება მაშინ, როცა ყოფილი ხელისუფლება მხოლოდ სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების მოსწავლეების ამ კუთხით უზრუნველყოფაში 10 მილიონ ლარს ხარჯავდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განათლების მინისტრის მრჩეველმა, ოთარ აბესაძემ განაცხადა.

"გამომცემლებმა მოიძიონ მწერლები, მოიძიონ პოეტები, გამოსცენ წიგნები და გაყიდონ. ამაში მათთვის ხელი აბსოლუტურად არავის შეუშლია, მაგრამ მინიმუმ არასწორია ის, რომ სახელმწიფომ კვებოს, აჭამოს გამომცემლებს და ფული ურიცხოს მხოლოდ სასკოლო წიგნების ერთჯერადად შეკვეთებზე. არ არის ხომ სწორი, მათ თავი ირჩინონ და მშობლებმა სკოლის წიგნებში მინიმუმ 150 ლარი გადაიხადონ? ნახეთ რიცხვები: 10 მილიონი ლარი უჯდებოდა სახელმწიფოს სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების სასკოლო წიგნებით უფასოდ მომარაგება, დღეს კი 12 მილიონად უჯდება მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული სკოლების მოსწავლეების მომარაგება", - განაცხადა ოთარ აბესაძემ.

ამასთან, აღნიშნულ საკითხზე დღეს კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს მდივნის მრჩეველმა გიორგი სიგუამაც, რომელმაც განათლების სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელობა "ფულის ჯიბეში ჩადებაში" დაადანაშაულა.

"ახლა სამინისტრო სახელმძღვანელოებით მოსწავლეების მომარაგებაზე დახარჯავს 12 მილიონ ლარს, რომელშიც შედის ის 10 მილიონი ლარიც, რომელსაც შაშკინი და დეკანოიძე ხარჯავდნენ იმ 2 ლარიან წიგნებზე, რომლებსაც ყიდულობდნენ 10 ლარად. ამას თითქოს სოციალურად დაუცველებისთვის აკეთებდნენ, სინამდვილეში კი ფულს ჯიბეში იდებდნენ", - აღნიშნა სიგუამ.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2013-2014 სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებს სახელმძღვანელოები უფასოდ დაურიგდებათ.