მარგველაშვილი საგრანტო თანხის გარეშე დარჩენილ სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელ რამდენიმე მაღალქულიან სტუდენტს შეხვდა

მარგველაშვილი საგრანტო თანხის გარეშე დარჩენილ სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელ რამდენიმე მაღალქულიან სტუდენტს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტს ნოდარ თათვიძეს, დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის თავჯდომარეს ალექსანდრე კობაიძეს და 2011-2012 წლების ერთიან ეროვნულ გამოცდებში საგრანტო თანხის გარეშე დარჩენილ სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელ რამდენიმე მაღალქულიან სტუდენტს შეხვდა.

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძის განცხადებით, შეხვედრის მთავარი მიზანი მინისტრისთვის საგრანტო პრობლემატიკის მოგვარების თხოვნა იყო.

"მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ სასწავლო გრანტთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც 2011-2012 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდებით უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს შეექმნათ. ჩვენი მთავარი მიზანი იყო საგრანტო პრობლემატიკის მოგვარების თხოვნა. შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მინისტრი დაგვპირდა, რომ ვინც მაქსიმალურად ახლოს არის ქულებით 100%-იან გრანტთან, დაფინანსების აღსადგენად განხილვა დაიწყება. ასევე განიხილება სოციალურად დაუცველ სტუდენტთა დაფინანსების საკითხებიც. მინისტრმა შემოგვთავაზა, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად აღნიშნულ თემაზე ვიმუშავოთ და საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ და დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციამ დავიწყეთ მუშაობა სამინისტროსთან ერთად საგრანტო პრობლემატიკის მოგვარებაზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისევე როგორც მინისტრი, პრობლემის გადასაჭრელად სხვა შესაბამისი ორგანოებიც ჩაერთვებიან და ამ საკითხს ერთად მოვაგვარებთ", - განაცხადა თათვიძემ.