9 აპრილს მოწამლულები ხელისუფლებას ყოველთვიური ფულადი დახმარების აღდგენას სთხოვენ

9 აპრილს მოწამლულები ხელისუფლებას ყოველთვიური ფულადი დახმარების აღდგენას სთხოვენ

1989 წლის 9 აპრილს მოწამლულები ხელისუფლებას ყოველთვიური ფულადი დახმარების აღდგენას სთხოვენ. 9 აპრილის მემორიალთან 9 აპრილს მოწამლული მოქალაქეები შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. 

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას 9 აპრილის მოვლენების ერთ-ერთმა მონაწილე ნინო მაისურაძემ განუცხადა, 1989 წლის 9 აპრილს რუსი ჯარისკაცების მიერ გაშვებული მომწამვლელი აირით მოიწამლნენ და შემდგომ წლებში ისინი ყოველთვიურად 24-ლარიან დახმარებას იღებდნენ, თუმცა გასულ წლებში აღნიშნული დახმარება მოეხსნათ.

როგორც ნინო მაისურაძე აცხადებს, სულ ასი ოჯახი იღებდა ასეთ დახმარებას და ისინი ძირითადად სოციალურად დაუცველები არიან.

"ბევრი მათგანი უმძიმეს მდგომარეობაშია, იმ მცირედ დახმარებას რომელსაც ჩვენ ყოველთვიურად ოცდაოთხი ლარის სახით ვიღებდით, წამლებში არ გვყოფნიდა, მაგრამ მაინც მნიშვენლოვანი იყო ეს თანხა. ვთხოვთ ახალ ხელისუფლებას, ჯანდაცვის მინისტრს, რომ ეს ყოველთვიური დახმარება აღგვიდგეს. პირადად მე ათ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს მოიწამლნენ და ისინი უმძიმეს მდგომარეობაში მწვავე ლეიკემიით არიან დაავადებულნი გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო", –განაცხადა ნინო მაისურაძემ.

მისივე თქმით, ახალი ხელისუფლების იმედი აქვს, რომ 1989 წლის 9 აპრილს მოწამლულებს სათანადო ყურადღებას მიაქცევენ.