ჩიორა თაქთაქიშვილი:

ჩიორა თაქთაქიშვილი: "საზოგადოება გულწრფელად ვერ მიიღებს 9 აპრილთან დაკავშირებით იმათ განცხადებებს, ვინც მიზნად აგვისტოს ომში ქვეყნის დადანაშაულებას ისახავს"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, "საზოგადოება გულწრფელად ვერ მიიღებს 9 აპრილთან დაკავშირებით იმ ადამიანების განცხადებებს, ვინც მიზნად რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს დადანაშაულებას ისახავს".

ამის შესახებ თაქთაქიშვილმა "პრაიმ თაიმის" პრესკლუბში 9 აპრილთან დაკავშირებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

"დღეს არის დიდი ტრაგედიისა და ამასთან, დიდი სიხარულის დღეც. ტრაგედიაა, რადგან იდეალისტი ახალგაზრდები შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის გამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. იდეალისტები იყვნენ, რადგან მათ დაიჯერეს, რომ საქართველოს, ამ პატარა ქვეყანას შეეძლო, შებრძოლებოდა რუსეთს. დღეს ხელისუფლებაში განსხვავებული ძალები არიან და პირდად ჩემთვის, ეს დღე ფარისევლობის დღეცაა. იმიტომ, რომ ვისაც არ ეზარება, ვისაც უნდა, თავისი პოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილოს, ამ დღეს ფარისევლურად აღნიშნავს ხოლმე. იმ ხალხისგან, ვინც 9 აპრილის შემდეგ შევიდა კომპარტიაში, ვინც კრემლში ტაშ-ფანდურს აწყობს, ვინც მიზნად ისახავს, რუსეთ-საქართველოს ომში საქართველო დაადანაშაულოს, 9 აპრილთან დაკავშირებულ განცხადებებს ქართველი საზოგადოება გულწრფელად ვერ მიიღებს", - აღნიშნა თაქთაქიშვილმა.