ფერეიდნელი ქართველების მოგონებები

ფერეიდნელი ქართველების მოგონებები

ინგლისელმა მოგზაურმა ჰენრი ლაიარდსმა,  1840 წელს პირველმა აღწერა ქართველებით დასახლებული ფერეიდანი სოფლები. აი, რას წერს იგი: "მათი სოფლების გარშემო გაშენებულ ბაღებსა და სახნავ-სათესებს მშრომელი კაცის მზრუნველი ხელი აშკარად ატყვია. ეს სოფლები თვალის ერთი გადავლებითაც აშკარად გამოირჩევა სხვა აქაური დასახლებებისაგან"...
 
ფერეიდნული ქართული უნიკალური მოვლენაა. ეს არის ოთხი საუკუნის წინანდელი ქართული მეტყველება. ფერეიდნელთა დახასიათებისას არ შეიძლება ერთ რამეს არ გაესვას ხაზი, მთელი ოთხი საუკუნის მანძილზე ფერეიდანში არ ახსოვთ, ქართველს ქართველი მოეკლას.

პირველი ფერეიდნელი ქართველი რომელმაც საქართველომდე ჩამოაღწია, ზემო მარტყოფელი იოთამ ონიკაშვილი იყო.იგი 1871 წელს ჩამოვიდა და დასახლდა საგარეჯოში. იგი საბოლოოდ გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
    
თბილისში დეკანოზ ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილის საოჯახო არქივში აღმოჩნდა ისტორიული ფოტოსურათი, სადაც დეკანოზის ოჯახთან ერთად გადაღებულია ფერეიდნელი ქართველები. როგორც ცნობილია, 1901 წელს საქართველოს ეწვია ორი ფერეიდნელი - ყოლამ-ჰოსეინ ონიკაშვილი და ყოლამ-რეზა ხუციშვილი.

ვახტანგ ონიკაშვილი წერს: "მახსენდება, როგორ გადიოდა ზამთარში მამა 14 კილომეტრს ფეხით ფერეიდანში საბუთებზე, ისინი კი უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, ერთი კვირის შემდეგ მოდი და მაშინ გეტყვით პასუხსო. ასე დაატარებდნენ მთელი ზამთარი,  1972 წლის ივნისი, მოვდივართ მატარებლით, უკვე შემოვედით ჯულფის საზღვარზე. ირანის მატარებლიდან უნდა გადავჯდეთ საბჭოთა კავშირის მატარებელში.

ამ თორმეტი ოჯახიდან არავის წარმოდგენა არ გვქონდა, თუ როგორ დაგვხვდებოდა დედა სამშობლო, ის ხომ ჩვენ მხოლოდ ცისარტყელის ზღაპრიდან ვიცოდით. დიდები გვეუბნებოდნენ, ვინც ცისარტყელის ქვეშ გაძვრება, საქართველოში აღმოჩნდებაო. ჩვენც, ბავშვები, მთელი დღე დაუღალავად მივრბოდით. და აი, მატარებელი ბოლო ბაქანზე გაჩერდა, ჩამოვედით ყველანი, ვხედავთ დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით დგას მეორე მატარებელი და უამრავ ხალხს მოუყრია თავი, ჩვენებმა დაუძახეს, ქართველები ხართო, გვიპასუხეს, კი თქვენიანები ვართ და გელოდებით, სადა ხართ აქამდეო. ჩვენებმა უთხრეს მოვდიოდითო.

ნახევარი საათი ერთმანეთს ვეფერებოდით და ვკოცნიდით. სიხარულისაგან ყველა ტიროდა, მომსვლელიც და დამხვდურიც. ეს რაღაც საოცრება იყო, გვიყურებდნენ სპარსელები და მათაც თვალებზე ცრემლი მოადგათ. და აი, კახეთი, გურჯაანის რაიონი, საქართველოში ვარდობის თვეა. მთელი კახეთი აღმოსავლეთისკენ იყურება, ავტობუსებს ელოდება, რომელმაც მათ ქართველები უნდა ჩამოყვანოს ირანიდან, გზები გადაკეტილია, მთელი კახეთის მოსახლეობა გარეთ არის გამოსული ვარდებით ხელში. ბავშვები ხელიდან ხელში გადავყავდით და ასე მივდიოდით ფეხით. მე ასეთი ლამაზი საქართველო არ მენახა".