ვანო მერაბიშვილი მთავრობას დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებს

ვანო მერაბიშვილი მთავრობას დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებს

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი მთავრობას დაპირების შესრულებისა და წინასაარჩევნო პერიოდში მათი აქტივისტების დაკითხვაზე დაბარების შეჩერებისკენ მოუწოდებს. 

როგორც მერაბიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად მოახლოებული შუალედური არჩევნებისა, მათი აქტივისტების დაკითხვაზე მასობრივი დაბარება არ წყდება.

"სამწუხაროდ, 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყო და დღესაც გრძელდება "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დევნა, დაპატიმრება, მუქარა. ორი ათასზე მეტი აქტივისტი იქნა დაკითხული. მინდა შევახსენო მთავრობას - მას აქვს დადებული პირობა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებზე შეწყდებოდა სამართლებრივი დევნა. ჩვენი პარტიის აქტივისტების დიდი ნაწილი აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში და იმედს გამოვთქვამ, რომ მთავარი პროკურორის მიერ დადებული პირობა შესრულდება", - განაცხადა მერაბიშვილმა.

ამასთან, ყოფილი შს მინისტრის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" შექმნილი ვითარების შესახებ საქართველოში აკრედიტებულ ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობას ინფორმაციას მიაწვდის, თავად აქტივისტებს კი, რომლებიც დაკითხვაზე იმყოფებოდნენ პირადად მისი სამადლობელი წერილი გაეგზავნება.

"ჩვენ მივმართავთ და დამატებით მასალებს გადავუგზავნით უწყებათაშორის კომისიას და მას ვთხოვთ, რომ ეს საკითხი იქნას განხილული. ამავე დროს ვამზადებთ წერილს და ხვალისთვის ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობას გავუგზავნით კონკრეტულ ინფორმაციას იმ ძალადობებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს აქტივისტებზე ხორციელდება. ამასთან, მე გადავწყვიტე ყველა იმ აქტივისტს, რომელიც დაკითხეს, გავუგზავნო პირადი წერილი, გამოვუცხადო სოლიდარობა, ამოვუდგე მხარში. წერილები დღეს მივა ადრესატებთან, მე მათ მადლობას ვუხდი და მოვუწოდებ, არ გაიტეხონ გული და საქართველოს სამსახურში დარჩნენ", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აქტივისტების ნაცვლად მზადაა გამოძიების ნებისმიერ შეკითხვას თავად გასცეს პასუხი, რადგან "ყველაფრის საქმის კურსში იყო".