თეა წულუკიანი:   საქართველოში ადეიშვილის პროკურორის ფენომენი უნდა დასრულდეს

თეა წულუკიანი: საქართველოში ადეიშვილის პროკურორის ფენომენი უნდა დასრულდეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი "პროკურატურის შესახებ" კანონპროექტის კანონად ქცევის იმედს გამოთქვამს. როგორც თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა , აღნიშნული კანონის მუხლობრივი განხილვა მისი, არჩილ კბილაშვილის, ვახტანგ ხმალაძისა და თინა ხიდაშელის მონაწილეობით ჯერ კიდევ გასულ წელს, ქუთაისში შედგა. 

მინისტრის თქმით, კანონპროექტი კობა დავითაშვილმა დღეს უფრო დახვეწა.

"ვფიქრობ, პარლამენტს ამ კანონპროექტზე მსჯელობა ცოტა დაუგვიანდა. მივესალმები მიმდინარე განხილვებს და იმედი მაქვს, ეს კანონპროექტი მალე კანონად იქცევა, რადგან ამით საფუძველი ჩაეყრება იუსტიციის მინისტრის განუსაზღვრელი უფლების შეზღუდვას. არ შეიძლება, პოლიტიკური ფიგურა იყოს სისხლის სამართლებრივი მდევნელი. ეს არის ადეიშვილის მხრიდან თავისი თავისთვის მინიჭებული უფლება, რომელიც გაუქმდება", - აღნიშნა წულუკიანმა.

თუმცა, მისი განმარტებით, ამის მიუხედავად, იუსტიციის მინისტრი პროკურორების საქმიანობაზე კონტროლს შეინარჩუნებს, რათა მათ მოქალაქის უფლებები ვერ დაარღვიონ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკვე მუშაობს პროკურორების სახელმძღვანელო დოკუმენტზე, რომელიც საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.

"პროკურორი ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს და ადეიშვილის პროკურორის ფენომენი საქართველოში უნდა დასრულდეს. ჩვენ ხუთ თვეში გავაკეთეთ ის, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" 9 წელი ვერ გააკეთა. მოსამართლის ღირსება ფეხქვეშ იყო გათელილი. თუკი მოსამართლეთა კორპუსი გადაწყვეტს, რომ ამა თუ იმ მოსამართლის ადგილი არ არის მართლმსაჯულებაში, მათი გადასაწყვეტია", - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის ინფორმაციით, მართლმსაჯულების რეფორმა გაგრძელდება, რადგან ცვლილებები იუსტიციის უმაღლეს სკოლაშიც საჭიროა.