ლიანდაგიდან გადავარდნილი 60-ტონიანი ცისტერნებიდან 460 ტონა ნავთობპროდუქტი იღვრება

ლიანდაგიდან გადავარდნილი 60-ტონიანი ცისტერნებიდან 460 ტონა ნავთობპროდუქტი იღვრება

აეროპორტის ხიდის ქვეშ ლიანდაგიდან გადავარდნილი 60-ტონიანი ცისტერნებიდან დიზელის საწვავი იღვრება. სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავარდა. შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე მოხდა.

შემთხვევის მიზეზი უცნობია. ადგილზე საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს მაშველები და მეხანძრეები მუშაობენ.
როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, რკინიგზის დაახლოებით 100-მეტრიან მონაკვეთზე ლიანდაგები აყრილია. ლიანდაგებიდან გადავარდა 4 ცისტერნა, მათ შორის - მემანქანის კაბინა.

მატარებლის შემადგენლობა, სავარაუდოდ, "საქართველოს რკინიგზას" ეკუთვნის, რადგან ცისტერნებს შესაბამისი წარწერები აქვთ.

მეხანძრეები და მაშველები ცდილობენ, ცისტერნებში დარჩენილი ნავთობპროდუქტები ამოტუმბონ, რისთვისაც სპეცილური ტექნიკაა მობილიზებული.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განაცხადა, სავარაუდოდ, იღვრება 460 ტონა ნავთობპროდუქტი.

"თუმცა, ჩვენ შევძელით იმის უზრუნველყოფა, რომ დაღვრილი ნავთობი აეროპორტის დასახლებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს და არ აალებულიყო", - აღნიშნა გიორგაძემ.

მისივე განმარტებით, კახეთიდან ელოდებიან ელმავალს, რომელიც ლიანდაგზე დარჩენილ 8 ცისტერნას შემთხვევის ადგილიდან უსაფრთხო ტერიტორიზე გაიყვანს.